სახალხო დამცველის გამოსვლა ანგარიშის პრეზენტაციაზე – „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“
2019 წლის 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ანგარიში – „ათი წელი აგვისტოს ომიდან, დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 2008 წლის მოვლენების შემდგომ დევნილთა, კონფლიქტით დაზარალებულთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე. აღნიშნა, რომ დღითიდღე უარესდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა; განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები, ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობებს.
„ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას; ადამიანურ ურთიერთობებს. იქ სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, მჭიდრო იყო ნათესაური და მეგობრული კავშირები, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს.
1990–იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტებმა ნახევარ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე დააზარალა. დღეის მონაცემებით, საქართველოში 280 000-ზე მეტი დევნილის რეგისტრირებული. ეს ციფრი ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ცენტრალური ხელისუფლების უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა წლების განმავლობაში უცვლელი ძირითადი პრობლემების ფონზე (თავშესაფრის მოლოდინი, მძიმე საცხოვრებელი პირობები, სოციალური და ეკონომიკური გაჭირვება), დევნილთა დახმარების საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველი მიესალმა „საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ საქმიანობას, რომლის მთავარი მიზანია, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის, პასუხისმგებლობის დამკვიდრება და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.