ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 2 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ პენიტენციურს სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში უწყებების თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი მონაწილეობდნენ.

განხილვის ძირითადი საკითხები იყო 1. მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და 2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის (მონიტორინგის დეპარტამენტის) მექანიზმის ფუნქციონირების ასპექტები.

სახალხო დამცველის აპარატმა ამ ორი მიმართულებით თავისი მიგნებები განიხილა, როგორც პრაქტიკული, ისე საკანონმდებლო ხარვეზები და პენიტენციურ სამსახურს პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არსებული გამოწვევებისა და მექანიზმების გაუმჯობესების სამომავლო ხედვა წარმოადგინა.

პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატს მსჯავრდებულები წლების განმავლობაში აქტიურად მიმართავენ და ამ მექანიზმის გამართული მუშაობა თითოეული მსჯავრდებულისთვის დიდი ღირებულების მქონეა.

რაც შეეხება მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობას, მის ფუნქციაში პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებების დარღვევის ფაქტების (დისციპლინური გადაცდომების) საპასუხოდ, სისტემის თანამშრომლების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება ექცევა. შესაბამისად, დეპარტამენტის ეფექტიანი მუშაობა პატიმართათვის არსებითი მნიშვნელობისაა.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე, მათ შორის, კონკრეტულად პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის მექანიზმის დახვეწის მიზნით კოორდინირების გეგმაზე.

შეხვედრა ევროკავშირის (EU) პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)