სახალხო დამცველის აპარატმა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეხვედრები გამართა საჯარო სკოლებში და უნივერსიტეტებში
2025 წლის 27 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით მორიგი ტრენინგები გამართეს.
ტრენინგები ჩაუტარდათ მცხეთა-მთიანეთის 8 საჯარო სკოლის ჯამში, 336 მოსწავლეს, ასევე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (ქ. ბათუმი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის 162 სტუდენტს.
შეხვედრების თემატიკა შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა არასრულწლოვანთა უფლებები მართლმსაჯულებაში, არასათანადო მოპყრობა და მისი პრევენცია, სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები, საპოლიციო ღონისძიებები და პირის უფლებები მათი განხორციელების ფარგლებში, პენიტენციური სისტემა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობა მართლმსაჯულების საკითხებთან მიმართებით - საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება მსგავსი ტიპის შეხვედრებში არასრულწლოვნებისა და სტუდენტების ჩართულობასა და მათი მხრიდან მაღალი ინტერესის გამოხატვას. აპარატი მადლობას უხდის საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს ეფექტიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
შეხვედრები გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის - „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში.