სახალხო დამცველის აპარატი ყველაზე ღია საჯარო უწყებად დასახელდა
2019 წლის 3 მაისს სახალხო დამცველს აპარატი, როგორც ყველაზე ღია საჯარო უწყება კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის მოანცემები შეაჯამა და იმ უწყებებს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 100% მაჩვენებელი წარმოადგინა სპეციალური სიგელები გადასცა.
2018 წლის განმავლობაში თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახალხო დამცველის აპარატიდან 19 საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც ორგანიზაციას ვადების დაცვით გადაეცა.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა: „მიუხედავად ამისა, შენარჩუნებულია გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების მაჩვენებლის 2014 წლის შემდეგ დამკვიდრებული 80%-იანი ზღვარი, რომელიც უმეტესწილად, ცალკეული საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულებით არის განპირობებული. კერძოდ, ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სახალხო დამცველის აპარატი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლების განმავლობაში ინარჩუნებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას.“-აღნიშნულია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშში.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის პატივია მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან (IDFI) ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახალხო დამცველის აპარატთან ერთად 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა.