სახალხო დამცველის აპარატი ფინეთის გამოცდილებას გაეცნო მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვისა და ადამიანის უფლებათა განათლების კუთხით
2018 წლის 5-8 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჰელსინკში, ფინეთის ომბუდსმენების ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი იყო ასევე ადამიანის უფლებების განათლების მიმართულებით ფინური გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ფინეთის საპარლამენტო, გენდერული თანასწორობისა და ანტი-დისკრიმინაციის ომბუდსმენებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრთან და მიგრანტთა და ლტოლვილთა უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე, გაეცნენ ფინეთის იუსტიციის, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იმიგრაციის სამსახურის საქმიანობას და მოინახულეს ჰელსინკის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელსა და სოციალურ მუშაკებთან გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ფინეთში მოქმედი ინტეგრაციის პროგრამები და შესაძლებლობები, რომელიც ლტოლვილს საშუალებას აძლევს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით ისარგებლოს და მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ფინელ კოლეგებს საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი საქმიანობა, პრიორიტეტები და გამოწვევები გააცნო. სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა განათლების მნიშვნელობასა და სახალხო დამცველის როლზე ამ მიმართულებით საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით; ხაზი გაუსვა ევროპის ქვეყნებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას და მისი გაზიარების მნიშვნელობას.
გაიმართა შეხვედრები „ამნესტი ინტერნეშენელის“, ლტოლვილთა დახმარების ცენტრის, ქალთა მულტიკულტურულ ორგანიზაცია „მონიკასა“ და ფინეთის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელთან.
სასწავლო ვიზიტში სახალხო დამცველის მოადგილებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის უფროსი მედეა გუგეშაშვილი, მთავარი მრჩეველი მიგრაციის, რეპატრიაციისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების საკითხებში თამთა პაპუაშვილი და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო სულამანიძე.
სასწავლო ვიზიტი ნაწილობრივ განხორციელდა „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.