სახალხო დამცველის აპარატი ბავშვის უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებსა და მიმართვებს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება ბოლო დროს, პოლიტიკური ოპონირებისას გაკეთებულ მიმართვებს, რასაც სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში და ასევე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს.
გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ბავშვები არიან უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი ინდივიდები და არა პასიური ობიექტები. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში, არასრულწლოვანების ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი.
თითოეულ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით პარლამენტის თითოეულ წევრს, საკუთარი მანდატის ფარგლებში, აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, არაძალადობრივი გარემოს შექმნას.
პოლიტიკური დისკუსიის წარმართვისას მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის ოჯახის წევრების, მათ შორის, არასრულწლოვანების ნეგატიური კონტექსტში მოხსენიება და თავად უპირატესად იყვნენ თითოეული ბავშვის უფლებების დაცვის გარანტი.
დამატებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლის, მონიტორინგისა და აღნიშნულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით აამოქმედოს ეთიკის საბჭო.