სახალხო დამცველის 2019 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში საქართველოს პარლამენტში
2020 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში და შემდგომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
432 გვერდიან ანგარიშში თემატურად არის მიმოხილული ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ძირითადი ასპექტები და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა. კერძოდ, 2019 წლის განმავლობაში აპარატმა შეიმუშავა და შესაბამისი უწყებების მიმართ გასცა 335 რეკომენდაცია. აპარატში შემოვიდა 6737 განცხადება, ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 9438 ზარი, რომელთაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვა. ჯამში 579 ვიზიტი განხორციელდა სხვადასხვა დაწესებულებებში. აპარატის თბილისის ოფისში იურიდიული კონსულტაცია გაეწია 2399 ვიზიტორს. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულმა ოფისებმა 4448 დაინტერესებულ პირს გაუწიეს სატელეფონო და პირადი კონსულტაცია. ჩატარდა 990 თემატური შეხვედრა.
ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად გაიცა 75 რეკომენდაცია და წინადადება, 14 სასამართლო მეგობრის მოსაზრება ეროვნული სასამართლოების მიმართ; ერთ-ერთ საქმეზე წარვადგინეთ მესამე მხარის ინტერვენცია ევროპული სასამართლოს წინაშე; 5 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2019 წელს მოვამზადეთ 15 სპეციალური ანგარიში, გავგზავნეთ სახალხო დამცველის მოსაზრებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი რიგი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით.
თემატურ საკითხებზე საუბარი სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების დაცვის მიმოხილვით დაიწყო და უარყოფითად შეაფასა 2019 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები. ასევე აღნიშნა, რომ სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე წარმოებული გამოძიებები ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს და გახმაურებულ თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეებს წელს ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიებაც დაემატა, რომლის დაგვიანებით დაწყების გამო ვერ მოხერხდა საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა.
სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების ჭრილში განიხილა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის არასათანადო მკურნალობა, რაც პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ზოგ შემთხვევაში, გარდაცვალებასაც იწვევს. ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზე, ფინანსურ და სხვა პრობლემებზე.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების თვალსაზრისით, შენარჩუნებულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ადგილი ქონდა, ასევე არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებსაც.
სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისმგებელი პირი არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არასათანადო მოპყრობის საქმეთა ეფექტიანად გამოძიების პრობლემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტიური მცდელობით დაიძლევა.
პატიმრებისთვის არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით, გარკვეული, პრივილეგირებული ნაწილი რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს ძალადობას იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილებიან.
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლების არასაკმარის რაოდენობას; პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივი დროით მოთავსების პრაქტიკას; რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით გატარებული ღონისძიებების ფრაგმენტულობას, ფსიქიატრიული დახმარების პრობლემებს, რაც მეტწილად მხოლოდ ერთჯერადი ან განმეორებითი კონსულტაციებითა და მედიკამენტური მკურნალობით შემოიფარგლება. დაწესებულებების ექიმების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის და დოკუმენტირების არასწორ პრაქტიკას, როდესაც რიგ შემთხვევებში ექიმები სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად არ ახდენენ პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღრიცხვას. ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემა წარმოადგენს.
„2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლისას სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ცალკეულ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენასა და მათი როლის შეფასებაზე; არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე და არ ცდილობს დაადგინოს ან გამორიცხოს აქციის დაშლისას უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტები.
აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, როდესაც ოთხ საათნახევრის განმავლობაში, შეკრების მონაწილეების მიმართ გამოიყენეს 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი; გაისროლეს 800-მდე რეზინის ტყვია. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. არც ერთ მათგანს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
კვლავ გამოწვევად რჩება გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და პლურალური მედია გარემოს არსებობა. საქართველოს შრომის კოდექსის, საერთაშორისო სტანდარტებისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა ტელეკომპანიის ჟურნალისტთა გათავისუფლება ამ მათი სხვა პოზიციებზე გადაყვანა.
კრიტიკული მედიის დევნის მცდელობის შესახებ კითხვებს ბადებს ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების სიმრავლე. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში გამოიკვეთა, რომ ნაწილ სისხლის სამართლის საქმეებზე კითხვები არსებობდა წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით (ხაზარაძე, ჯაფარიძე) ან წარდგენილი ბრალდება საერთოდ არ მიეკუთვნებოდა სისხლისსამართლებრივ სფეროს (გვარამია).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე.
შეკრების თავისუფლების დაცვის საკითხები განსაკუთრებით აქტუალური იყო. წლის განმავლობაში არაერთი მანიფესტაცია, საპროტესტო აქცია, კონტრაქცია თუ პიკეტირება გაიმართა, რამაც აშკარა გახადა რომ სახელმწიფო არ მიმართავს სათანადო პრევენციულ ზომებს, რათა თავიდან აიცილოს განსხვავებული შეხედულებების ჯგუფებს შორის დაპირისპირება, შეკრებილ პირთა მხრიდან აღკვეთოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. მაშინ, როცა ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციულ და გაუმართლებელ ძალასაც კი იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
აქვე უნდა აღინიშნოს არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე თუ დამოუკიდებლად მოქმედ აქტივისტთა წინაშე არსებული გამოწვევები, როგორიცაა დისკრედიტაცია, ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმა, დაშინება და სხვ. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენლების უფლებადამცველები.
სამართლიანი სასამართლოს უფლების თვალსაზრისით, სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შედეგად დაიხვეწა და უფრო განჭვრეტადი გახდა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის საკითხები. ასევე სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის უზრუნველყოფის თაობაზე.
ნინო ლომჯარიამ აქვე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შერჩევის საკითხს და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხარვეზიანი პროცედურით შერჩეული კანდიდატების მოსამართლედ განწესება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად ითვლება. * სახალხო დამცველმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მომწესრიგებელი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოება, მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ადამიანის უფლებების გათვალისწინება; ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარვეზიანი პროცესი ის საკითხებია, რომელთა გაუმართაობა ეკოლოგიურ პრობლემას ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად წარმოაჩენს.
სხვა რეკომენდაციებთან ერთად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, დროულად შეიმუშაოს უნიფიცირებული რეგულაციები, გარემოზე ზიანის მიყენების ეფექტიანი პრევენციისა და დამდგარი ზიანის რეალური აღმოფხვრისათვის საჭირო მექანიზმების გარანტირების მიზნით, მათ შორის, ნათლად გაიწეროს პასუხისმგებელი უწყებები და მათი კომპეტენციები.
სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს, საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია მოინახულა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პრობლემები (მოუწესრიგებელი შენობები, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარიულ-ჰიგიენური სისტემები), კვალიფიციური დამხმარე პერსონალის ნაკლებობა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარვეზები და ხარისხთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტიური და არათანმიმდევრული გატარება.
მწვავედ დგას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის საჭიროებაც. არასრული დაფინანსების გამო, პაციენტებს საკუთარი ხარჯებით ან კვლავ სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის დახმარებით უწევთ თანხის შევსება სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ტარიფამდე. ერთიანი სახელმწიფო პროგრამა არსებითად გააუმჯობესებდა კიბოს პაციენტების მკურნალობას და წამლებზე წვდომას, ასევე გააჩენდა კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლისას სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების პროცესზე ზედამხედველობის და საგამონაკლისო წესით საქმის მასალების გაცნობის საშუალება სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს გენერალური პროკურატურის კეთილი ნებით მიეცა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტის წევრებს, განიხილონ იმ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალებზე წვდომის საკითხი, რომლებიც სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას ეხება.
სამწუხაროდ, 2019 წელს არ შესრულებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებით გაცემული სისტემური რეკომენდაციები. კერძოდ, პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები კვლავ არ არიან უზრუნველყოფილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით.
პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები კვლავ არ არის დამონტაჟებული იმ ადგილებში, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა.
ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები არ არიან უზრუნველყოფილნი გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობის სამხრე კამერებით; ნორმატიულად ისევ არ არის გაწერილი პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება; არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულა ცვლილებები, რომელთა თანახმად, მოსამართლე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, რეაგირებისათვის შესაბამის გამოძიების ორგანოს მიმართავს; შეუსრულებელია რეკომენდაცია დაკავებულ პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეოჩანაწერის წარმოების თაობაზე და სხვ.
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა შრომის უფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის არასაკმარის მანდატსა და რესურსებზე. შრომის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ფარგლების დასაწესებლად. დადებითად შეაფასა 2020 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი, რაც დიდწილად მოაგვარებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატთან დაკავშირებულ პრობლემებს.
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საუბრისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მეთოდოლოგიაში განხორციელებული დადებითი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადის გაჭიანურება; ასევე სათანადო კვების უფლება. მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს შესწავლილი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ოჯახების საკვებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებები და არც ბიუჯეტში აქვთ გათვალისწინებული კვებისთვის გამოყოფილი სახსრები. 10 მუნიციპალიტეტში უფასო სასადილო საერთოდ არ ფუნქციონირებს.
ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივი მონაცემთა ბაზები, საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები შეზღუდულია, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის არ არსებობს მხარდამჭერი პროგრამები.
„ბავშვთა უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია. მისასალმებელია 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება. ამის მიუხედავად, ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა.
გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები. 2019 წელს ბავშვთა სუიციდის 22 და სუიციდის მცდელობის 69 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს სუიციდის - 12 და სუიციდის მცდელობის - 48 შემთხვევა. ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები.
წლებია პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. 2019 წელს საარსებო დახმარების მიმღებ 70 792 ოჯახში 150 065 არასრულწლოვანი ირიცხებოდა. მუნიციპალურ დონეზე არსებული პროგრამები უმეტესად ერთჯერადი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დროულ და სრულ დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით სათანადო საცხოვრებლით. შედეგად, რიგ შემთხვევებში, ბავშვებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. ყოველივე ეს განაპირობებს ისეთ ტრაგიკულ შემთხვევებს, როგორსაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, როდესაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები 6 ადამიანი, მათ შორის, 4 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
კრიტიკულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის საკითხი. გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების მიმწოდებელიც და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოც ინფორმირებულები იყვნენ არასრულწლოვნებს შორის გამოვლენილი სექსუალური ძალადობის ნიშნების შესახებ, მსხვერპლი და მოძალადე კვლავ ერთ სახლში განაგრძობდნენ ცხოვრებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებების სრულ უგულებელყოფად უნდა ჩაითვალოს.
ისევ მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად რჩება რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა.
2019 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“.
სახელმწიფომ კვლავ არ გამოყო შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების გაეროს კონვენციის განხორციელების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი უწყება. ასევე, ვერ უზრუნველყო ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაციაზე წვდომა. საკმარისი არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები; მცირეა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. ვითარება არ გაუმჯობესებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზების კუთხით.
გამოწვევად რჩება ხარისხიანი ინკლუზიური განათლება სწავლების ყველა საფეხურზე და დასაქმების საკითხი.
ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური აქტიურობის და მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომის არაერთი პრობლემა გამოავლინა ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა.
ბენეფიციარებს არ მიუწვდებოდათ ხელი არც სოციალური მუშაკის და არც ფსიქიატრის მომსახურებაზე. გაწეულ შრომას არ შეესაბამება სამედიცინო პერსონალის და მომვლელების ანაზღაურება.
შესწავლილ საქმეებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახში ხანდაზმულ პირებზე ძალადობა ძირითადად ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხასიათისაა. სახელმწიფოს არ გააჩნია ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულ პირებზე მორგებული დაცვისა და დახმარების ფსიქოსოციალური სერვისები და პროგრამები, მათ შორის, არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე.
„წლიდან წლამდე მძიმდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღემდე არ დამდგარა წინა წლებში მომხდარ მკვლელობებში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების პასუხისმგებლობა. 2019 წელს ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დროით ჩაკეტვამ ოკუპირებული ახალგორის რაიონის შემთხვევაში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, ხოლო სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების შეუძლებლობის გამო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ შეიზღუდა გადაადგილება ენგურის ხიდზეც.
მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების (მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის) ე.წ. საზღვრის კვეთისთვის უკანონო დაკავების/პატიმრობის ფაქტები და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემაა პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში, ასევე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების რეალიზება.
გალისა და ახალგორის ყველა სკოლის დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება.
დევნილთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გამოყო არასათანადო პირობებში, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრების პრობლემა. პოზიტივის სახით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2019 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით გამოსყიდული ბინებიდან საცხოვრებელი სახლების დევნილ ოჯახებზე გადანაწილების პრაქტიკა.
თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით 2019 წელს გაუმჯობესდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა, რის შედეგადაც, ფიზიკური პირები, საჯარო სამართლის სუბიექტების მსგავს სამართლებრივ რეგულირებაში მოექცნენ და სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ უარი გონივრულ მისადაგებაზე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი დღემდე არ გამხდარა.
სახელმწიფო არ ატარებს სათანადო ღონისძიებებს დაუცველი ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად 2019 წელსაც ქალები, შშმ პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები რჩებიან. კრიტიკულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თანასწორუფლებიანობა.
კვლავ არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამები; კერძო სექტორში დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა გამოწვევად რჩება. პრობლემურია ასევე შშმ პირების თანასწორუფლებიანობაც; სხვადასხვა მომსახურების მისაწვდომობის მხრივ, ხარვეზებია როგორც ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირთათვის, ისე უსინათლოებისთვის.
2019 წელს სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა ვიქტიმიზაციის ფაქტი შრომით ურთიერთობაში, როდესაც დამსაქმებელმა პირის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მის მიერ სახალხო დამცველისთვის მიმართვა დაასახელა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება დისკრიმინაციული დანაშაულების გამოძიება და პრევენცია.
თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის არაერთი წლის განმავლობაში გაცემული რეკომენდაცია, გათანაბრდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს მიეცა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა.
სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც და წარმოდგენილია რეკომენდაცია შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გაზრდის აუცილებლობის თაობაზე. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ - განახორციელოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება და 2021 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი გაიზარდოს 6 000 ლარამდე (9 000 ლარამდე - მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ). აღნიშნული აუცილებელია ვეტერანთა სოციო-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით.
საგანგაშოა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი), რაც საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია. 2019 წელს გამოვლენილი ქალის მკვლელობის 19 ფაქტიდან 10 ჩადენილი იყო ოჯახური დანაშაულის ნიშნით, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტიდან, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 18 ფაქტი. პრობლემად რჩება მსგავსი დანაშაულების პრევენცია და სოციალური მუშაობის მიმართულებით, კონკრეტული ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა.
ხარვეზები იკვეთება სექსუალური ძალადობის დანაშაულების საკანონმდებლო რეგულირების, ამგვარი დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე. დაბალია ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელიც. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური კამპანიისა, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
დადებითად უნდა შეფასდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული პროექტებისა და პროგრამების არსებობა. ამის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სიმცირე.
პლენარული სესიის დასასრულს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ყოველწლიური მოხსენების ფორმატში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტს მესამედ და ბოლოჯერ მიმართა და ამიტომ დასკვნით სიტყვაში მოკლედ შეაჯამა პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ის საკითხები, რაც კვლავ რჩება გამოწვევად.
პირველ რიგში გამოყო კანონები, რომელთა მიღებაც პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს:
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი
- გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში 2017 წელს შესული ცვლილებები
- ბავშვის უფლებათა კოდექსი
- სექსუალურ შევიწროების რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი (ძირითადად წინა მოწვევის პარლამენტმა იმუშავა, მაგრამ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირობებში მიიღეს)
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი
- საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი
- ხმაურის რეგულირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი;
გარკვეულ კანონებს ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ და მათი ნაწილი გასაჩივრებული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, ესენია: - ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონი
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული კანონი
- ასევე უარყოფითად შეაფასა - 2018 წლის დეკემბერში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც თამბაქოს მოწევა ნებადართული გახდა იმ შენობა-ნაგებობებში სადაც სათამაშო აპარატების სალონებია მოწყობილი.
„არის საკითხები, რომლებზეც ვითხოვდით პარლამენტისაგან კანონების მიღებას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა:
- ამ დრომდე ვერ მოხერხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინიცირება და მიღება და საქართველოში მოქმედებას განაგრძობს 1984 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული საბჭოთა სულისკვეთებაზე აგებული კოდექსი.
- საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიუხედავად, მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა არ ჩანაცვლებულა ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით.
- საარჩევნო ცვლილებები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად კვლავ განსახორციელებელია.
- შრომის კანონმდებლობაში დასაქმებულთა უფლებების გასაზრდელად მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანაა საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნე ამ საკითხზე შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და იმედია პარლამენტი დროულად მიიღებს მას, სახალხო დამცველის მანდატთან დაკავშირებით ჩემი შენიშვნის გათვალისწინებით.
- ნების თავისუფალი გამოვლენისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც აიკრძალებოდა და დაწესდებოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა საარჩევნო უბანზე/უბნებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა გამოცხადებასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის შეგროვების ფაქტებთან დაკავშირებით.
- სამწუხაროდ, კვლავ არ მიღებულა უნიფიცირებული რეგულაციები, გარემოზე ზიანის მიყენების ეფექტიანი პრევენციისა და დამდგარი ზიანის რეალური აღმოფხვრისათვის საჭირო მექანიზმების გარანტირების მიზნით.