სახალხო დამცველი ვიურტემბერგის ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს შეხვდა
2020 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ვიურტემბერგის ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს და გერმანიის ლუთერული ეკლესიების კავშირის ხელმძღვანელს ფრანკ იულის შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ეპისკოპოსს და მის თანმხლებ პირებს სახალხო დამცველის მანდატი, ასევე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობა და მასში რელიგიური კონფესიების მონაწილეობის საკითხები გააცნო. სტუმარი ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა მის მიერ წლების განმავლობაში შემუშავებული და საპარლამენტო ანგარიშებში ასახული რეკომენდაციები განიხილა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები თანასწორობის კუთხით აწყდებოდნენ.
ვიურტემბერგის ლუთერულ ეკლესიასა და ქართულ ლუთერულ ეკლესიებს შორის წლებია მეგობრულ-თანამშრომლური ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, ვინაიდან, სწორედ ვიურტემბერგის მიწებიდან არიან ის შვაბი მიგრანტები, რომელთაც საქართველოში 23 გერმანული დასახლება და ლუთერული ეკლესია დაარსეს.