ახალი ამბები

სახალხო დამცველი ტელეკომპანია „იბერიის“ წარმომადგენლებს შეხვდა

2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირადად შეხვდა ტელეკომპანია „იბერიის“ წარმომადგენლებს და მათ წინაშე მდგარ პრობლემებს გაეცნო. ნინო ლომჯარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ტელეკომპანიას და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი თავისი რესურსისა და მანდატის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა.

„ტელეკომპანიის საქმიანობის დამოუკიდებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის პერიოდში. წინასაარჩევნო გარემოსა და პროცესების დემოკრატიულად განვითარებისთვის აუცილებელია არ მოხდეს მედიის მაუწყებლობის შეჩერება. დღეს „იბერიის“ ჟურნალისტები შიშის ქვეშ მუშაობენ და ყოველ წუთს ელიან მაუწყებლობის შეწყვეტას. ასეთი ვითარება ცხადყოფს, რომ არის გარკვეული კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს.

არსებულ ვითარებაში აუცილებელია სახელმწიფომ ჟურნალისტებსა და კომპანიის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს და სახალხო დამცველი მზად არის ჩაერთოს ამ პროცესში, ხელი შეუწყოს დიალოგს და ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს მხარეებს შორის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახალხო დამცველის აპარატმა ტელეკომპანიისა და მისი მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე გარემოებების შესწავლა დაიწყო და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქმის მასალებს პერიოდულად გაასაჯაროებს.

* მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ტელევიზიის დათმობა შესთავაზა და სანაცვლოდ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)