სახალხო დამცველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
2022 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და უნივერსიტეტის კანცლერს შეხვდა.
სტუდენტები უკვე ერთი თვეა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის, გამოცდების დისტანციურად ჩაბარების უფლებას და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ითხოვენ.
„მთავარი მოთხოვნა და პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია. დღესდღეობით თბილისში ორი სტუდენტური საცხოვრებელი გვაქვს, ერთი შედარებით ახალი და კეთილმოწყობილი ლისის ტბასთან მდებარეობს, თუმცა, მასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და საცხოვრისზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მეორე არის ბაგებში, სადაც საცხოვრებელი გარემო ღირსების შემლახავი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 21-ე საუკუნეში იქ საერთოდ არ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს და არც უნივერსიტეტი არ უნდა სთავაზობდეს სტუდენტებს მსგავს პირობებში ცხოვრებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში. ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც აქვს თითოეულ მათგანს. მითუმეტეს, რომ ათასობით სტუდენტს მხოლოდ იმის გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს.
სახალხო დამცველმა უნივერსიტეტის კანცლერთან შეხვედრაზე სტუდენტებთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის პოლიტიკის სტუდენტის საჭიროებაზე მორგების აუცილებლობას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„ვთხოვ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს, გულთან მიიტანონ ათასობით სტუდენტის გასაჭირი. პირველ რიგში უნდა დაიწყოს გულწრფელი საუბრები სტუდენტებთან. ასევე, ვფიქრობ, უნივერსიტეტმა გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად უნდა გადაჭრას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პრობლემა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასასრულს.
უნივერსიტეტის კანცლერმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია აუცილებლად გააგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს და ინტენსიურად იმუშავებს პრობლემების გადაჭრისთვის გზების მოსაძიებლად.