სახალხო დამცველი შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ანგარიშს დაესწრო
2019 წლის 7 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშს დაესწრო და თავის გამოსვლაში დადებითად შეაფასა დეპარტამენტთან დამკვიდრებული თანამშრომლობის მაღალი ხარისხი.
ნინო ლომჯარიამ ისაუბრა სახალხო დამცველის და სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ გაწეულ საქმიანობაზე. აღნიშნა, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2018 წელს, წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიით, 22 დროებითი მოთავსების იზოლატორი შეამოწმეს, დაათვალიერეს ფიზიკური გარემო, გაესაუბრნენ დაკავებულ პირებსა და თანამშრომლებს, შეამოწმეს დაკავებულ პირთა საქმეებში არსებული დოკუმენტაცია.
სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი შემუშავებული რეკომენდაციები. მიესალმა, რომ მისი რეკომენდაციების თანახმად, 2018 წელს 8 დროებითი მოთავსების იზოლატორს სამედიცინო პუნქტები დაემატა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ეს საკითხი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოგვარდება; თანამშრომლებს გაეზარდა ხელფასები; ასევე, ცვლილებები შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესში, რომლითაც დმი–ში დასაქმებულ ექიმს ვალდებულება მიენიჭა, თავად გააგზავნოს დაზიანების შესახებ შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში. ადრე მოქმედი რეგულაციით, ექიმი ატყობინებდა იზოლატორის უფროსს და იზოლატორის უფროსი უგზავნიდა გენერალურ პროკურატურას.
ნაწილობრივ შესრულდა თითოეული დაკავებულის 4 კვ.მ. ფართობით უზრუნველყოფის რეკომენდაცია, ვინაიდან, შს მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება სტანდარტის დარღვევის გამონაკლის შემთხვევებს ადგენს. შესაბამისად, რეკომენდაცია შესრულებულად მხოლოდ აღნიშნული გამონაკლისი წესის გაუქმების შემდეგ ჩაითვლება. შეუსრულებელია რეკომენდაცია ადმინისტრაციული პატიმრობის მოსახდელად განკუთვნილ იზოლატორებში ვიდეოჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად არანაკლებ 20 დღე-ღამის განსაზღვრის შესახებ. (ამჟამად მინიმალურ ვადად განსაზღვრულია 120 საათი).
სამწუხაროდ, მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, ამ ეტაპისთვის არ განხორციელებულა ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც დაავალდებულებს დამკავებელ მოხელეს დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
მონიტორინგმა გამოავლინა იზოლატორებში დასაქმებულ ექიმთათვის ტრენინგებისა და სპეცილური ინსტრუქციების ჩატარების საჭიროება, დაკავებულთა სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირების მიმართულებით.
გამოწვევას წარმოადგენს იზოლატორებში კადრების, განსაკუთრებით ქალი თანამშრომლების ნაკლებობა. რიგი იზოლატორები არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციითა და განათებით; არადამაკმაყოფილებელია სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა და კვება. დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობები მიუღებელია 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების თვალსაზრისით.
დასასრულს, ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის ეფექტურ კომუნიკაციას. აღნიშნა, რომ 2018 წლის მანძილზე არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთობლივად მუშაობდნენ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებზე და მომავალში ამ თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.