სახალხო დამცველი სახელმწიფო თანამდებობის პირებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს
ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას.
საქართველოს სახალხო დამცველს სურს შეახსენოს ხელისუფლებას ის საერთაშორისო ვალდებულებები, რასაც გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოებს უწესებენ ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად.
გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე აღიარებს ორგანიზაციებისა და ინდივიდების უფლებას, სახელმწიფო უწყებების წინაშე მწვავედ და კრიტიკულად დააყენონ საკითხები, რაც ხელს უშლის ადამიანის უფლებების რეალიზაციას და გააპროტესტონ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს პოლიტიკა. სახელმწიფოს კი უწესებს ვალდებულებას, დაიცვან ინდივიდები ნებისმიერი ზეწოლის, მტრული განწყობებისა და დისკრიმინაციისგან მათი დეკლარაციით აღიარებული საქმიანობის გამო.
უფლებადამცველების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებით, ეუთო ხაზგასმით მიუთითებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებზე პიროვნული თავდასხმების, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი კამპანიების და მათი საქმიანობის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული. ეუთო მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, არა თუ თავად მოახდინონ რაიმე სახის ზეწოლა ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ გადადგან პროაქტიული ნაბიჯები უფლებადამცველების სტიგმატიზების წინააღმდეგ; აღიარონ ასეთი ორგანიზაციების და პირების მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, გააძლიერონ მათი ლეგიტიმაცია.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ადარებდნენ ფაშისტურ ორგანიზაციებს; მიმდინარეობდა აქტიური და ორგანიზებული კამპანია სოციალურ მედიაში და საჯაროდ მითითება თითქოსდა მათ დანაშაულებრივ ფაქტებთან კავშირებზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს.
საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენელს, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში მუხლჩაუხრელად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად და მოუწოდებს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი 23-25 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემატიკაც პირდაპირ ეხმიანება არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს. სახალხო დამცველის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაში ყურადღებას საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოწვევებზე გაამახვილებს და კოლეგებთან ერთად განიხილავს ომბუდსმენის ინსტიტუტების როლს მათი მხარდაჭერის და გაძლიერების თვალსაზრისით.