სახალხო დამცველი ოზურგეთის სოციალური საცხოვრისის მოსახლეობას შეხვდა
2020 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოციალური საცხოვრისის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პირობებს.
სოციალური საცხოვრისი ყოფილი საავადმყოფოს შენობაშია მოწყობილი და ამჟამად მასში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს გრძელვადიანად.
მოსახლეობის თქმით ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენას. შენობაში შეყვანილია ბუნებრივი აირი და პერიოდულად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. თუმცა, ჯერ კიდევ გაუმართავია წყალმომარაგების სისტემა, რამაც განსაკუთრებული სიმწვავით კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში იჩინა თავი და მაცხოვრებლებს ჰიგიენის დაცვა გაურთულა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე დაწყებულია მუშაობა.
ოზურგეთის მერის მოადგილის ირაკლი სირაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გურიის რეგიონში საცხოვრისის საჭიროების მომლოდინეები არ არიან, ვინაიდან ყველა პირი უზრუნველყოფილია შესაბამისი ფართით. ისინი განთავსებულნი არიან, როგორც სოციალურ საცხოვრისში, ასევე ქირით, კერძო სახლებში.
სახალხო დამცველი პერიოდულად მიადევნებს თვალს სოციალური საცხოვრისის კეთილმოწყობისთვის მიმდინარე სამუშაოებს.