ახალი ამბები

სახალხო დამცველი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა

2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან გათავისუფლებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, კულტურის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრეს, უკანონო გათავისუფლების ფაქტები განიხილეს და პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის შესაძლო ფორმებზე იმსჯელეს.

ყოფილ თანამშრომელთა განცხადებით, ისინი ძირითადად არაკომპეტენტურობის საფუძვლით გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია კომპეტენტურ პირებს არ შეუფასებიათ და რომ შემფასებლები გასაუბრებებზე უმეტესად პოლიტიკური ლოიალობისა და სოციალურ ქსელებში გამოხატულ დამოკიდებულებებზე სვამდნენ შეკითხვებს.

შეხვედრაზე იმ დამაზიანებელ შედეგებზეც ისაუბრეს, რაც კვალიფიციური თანამშრომლების გათავისუფლებამ უკვე მოუტანა ქვეყანას კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. ასევე, ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციის მხრიდან არაეთიკურ დამოკიდებულებას და სამსახურებში დამკვიდრებულ პოლიციურ რეჟიმს.

მთავარი პრობლემა, რომელიც მეცნიერ-მუშაკებს გათავისუფლების შემდეგ შეექმნათ, ეს იყო სამეცნიერო მასალებთან წვდომის შეზღუდვა, რაც მათ საქმიანობასა და დარგის შემდგომ განვითარებაში უშლის ხელს.

სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები, რომლებიც საადვოკატო დახმარებას უწევენ კულტურის სფეროს გათავისუფლებულ თანამშრომლებს. მათ გათავისუფლების მექანიზმების არაკანონიერ მხარეზე ისაუბრეს.

საქართველოს სახალხო დამცველი საფუძვლიანად გაეცნო შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებებს, მათ პრეტენზიებსა და გულისტკივილს; აღნიშნა, რომ აპარატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის გათავისუფლებულთა საქმეებს და მხარდაჭერა აღუთქვა მათ ადამიანის უფლებების აღდგენისა და დაცვის პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)