სახალხო დამცველი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ოძისისა და გრემისხევის მოსახლეობას შეხვდა
2023 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ოძისისა და გრემისხევის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
„ჩემი მთავარი პრიორიტეტია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი. სულ ცოტა, თვეში ერთხელ მაინც ჩავდივარ, ვხვდები მოსახლეობას, ვიგებ მათ პრობლემებს. ჩემი მიზანია მაქსიმალური ყურადღება მივაქციო ამ სოფლების მაცხოვრებლებს და ასევე, მინდა მივიპყრო სახელმწიფო უწყებების ყურადღება და წარმოვაჩინო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეტი ძალისხმევის გამოჩენა ამ მიმართულებით.
დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ადამიანების დამაგრება თავის მიწაზე, ვინაიდან, რაც უფრო მეტი მაცხოვრებელი დატოვებს აქაურობას, იმდენად უფრო გაუადვილდება საოკუპაციო რეჟიმს თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა.მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად კი აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა, სახელმწიფო პროგრამების არსებობა და მეტი ძალისხმევა, მათ შორის, ჩვენი ფიზიკურად ადგილზე ყოფნა, რათა ჩვენ მიერ მიტოვებულ ადგილებს სხვა არ დაეპატრონოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ოძისისა და გრემისხევის მოსახლეობის მთავარი პრობლემა ოკუპაცია, მცოცავი ანექსია და საფრთხის შემცველი გარემოა, მაგრამ ამას გარდა, სოფლებს შეზღუდული აქვს წყალზე წვდომა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად არ მუშაობს, სამუშაო ადგილების რაოდენობა არასაკმარისია. ასეთი პირობები კი მოსახლეობის გადინებას იწვევს და სოფლები ნელ-ნელა ცარიელდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უფრო ინტენსიური ღონისძიებები უნდა გაატაროს გამყოფ ხაზთან მდებარე ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა საკეთილდღეოდ.