სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
2019 წლის 16 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს და ევროპაში დევნილთა და მიგრანტთა საკითხებში სპეციალურ კოორდინატორს აფშან ხანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ბავშვის უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა მიმოიხილა; ყურადღება გაამახვილა ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელზე, ძალადობისგან დაცვის პრობლემებსა და შესაბამისი სერვისების მიწოდების ხარვეზებზე. აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების სიმცირე, მათი სამუშაო პირობები. ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის მნიშვნელობაზე, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და სხვა საკითხებზე.
სახალხო დამცველმა გამოთქვა მზაობა, გაეროს ბავშვთა ფონდთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით გააგრძელოს ბავშვის უფლებების დაცვის, პოპულარიზაციის და განხორციელების ხელშეწყობისკენ მიმართული საქმიანობა.