სახალხო დამცველი ეუთოს უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
2018 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ეუთოს უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატის მიერ ეთნიკურ უმცირესობათათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ რეკომენდაციების (ე.წ. გრაცის რეკომენდაციების) პრეზენტაციას დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
„არაერთი წელია ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესწავლა და დაცვა სახალხო დამცველის აპარატის პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარომადგენლები და ორგანიზაციები რეგულარულად მიმართავენ ჩვენს აპარატს, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობის საბჭო, რომელიც ასზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, არის ხიდი, ერთგვარი ინფორმაციის გაცვლისა და საკონსულტაციო პლატფორმა სახალხო დამცველსა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის აპარატი საკონტაქტო პირების და პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიზარდოს სახალხო დამცველის ოფისის ცნობადობა, სწავლობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას და პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს შესაბამის უწყებებისადმი.
სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია ქვეყანა სრულფასოვნად ვითარდებოდეს თუ მისი მოსახლეობის ნაწილი, თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფი, გარიყულად გრძნობს თავს.
17 სექტემბერს ეროვნულ უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი და მისი დელეგაციის წევრები ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლებს და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.