ახალი ამბები

სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდა

2019 წლის 24 სექტემბერს ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს (OSCE/ODIHR) ინგებორგ სულრან გისლადოტირს შეხვდა და ერთობლივი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ თანამშრომლობის შედეგად მიღებულ მიღწევებზე იმსჯელეს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე წარმოადგინა მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამჟამად კი ორგანიზაცია სახალხო დამცველის მოწვევით შერჩევის პროცესს აკვირდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში სასამართლოთა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო ცვლილებების მიმართულებით დაგეგემილი საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა.

სახალხო დამცველმა ეუთო/ODIHR–ის დირექტორი საქართველოში მოიწვია. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)