სახალხო დამცველი ეხმიანება „ტვ პირველზე“ გავრცელებულ ინფორმაციას N2 დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით
2024 წლის 24 მარტს ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის მიერ შიმშილობის გამოცხადებაზე დაწესებულებაში არსებულ ცუდ პირობებთან და მოპყრობასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ყოველკვირეულად ხვდებიან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ათობით პატიმარს, მათ შორის, ვიზიტები მუდმივად ხორციელდება N2 პენიტენციურ დაწესებულებაშიც. რწმუნებულები ხვდებიან ყველა შესაძლო უფლებადარღვეულ პატიმარს.
ბოლო ვიზიტი N2 დაწესებულებაში განხორციელდა 20 მარტს, სადაც რწმუნებულებმა მოინახულეს არაერთი პატიმარი, მათი განცხადებების საფუძველზე. მომდევნო ვიზიტი განხორციელდება ხვალ, სიუჟეტში მითითებული პატიმრის იდენტიფიცირებისა და მონახულების მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე და ახორციელებს კონკრეტული პატიმრების უფლების დარღვევის ფაქტებზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასაც.
აპარატი მომავალშიც გააგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების მონიტორინგს.