სახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
საგანგაშო და შემაშფოთებელია საქართველოში ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა. მიმდინარე წლის იანვარში, მხოლოდ თბილისში, ბუნებრივი აირის აფეთქებისა და ნამწვის დაგროვების შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ბუნებრივი აირის ექსპლუატაციის სფეროში ეფექტიანი რეგულაციების, ასევე მოქმედი სტანდარტების დარღვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირით მოწამვლის ფაქტებს ხშირად დანადგარების არასწორ მონტაჟს თუ ექსპლუატაციას უკავშირებენ, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული საცხოვრებელ შენობებში გაზის მოწყობილობების მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირები. არ ხდება დარღვევების დროული გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება.
სახალხო დამცველი, მომავალში მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენისა და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონმდებლობაში სიღრმისეული ცვლილებების განხორციელებას. ასევე, მოუწოდებს ბუნებრივი აირის მიმწოდებლებს, ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი, შენობებში ბუნებრივი აირის ქსელებისა და დანადგარების შემოწმების და არსებული ხარვეზების გამოვლენის მიზნით.