ახალი ამბები

სახალხო დამცველი არჩვენების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია N5 საარჩევნო ოლქის N05.06.119 საარჩევნო უბანს ეწვია და ადგილზე გაეცნო მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების განხორციელებას. სახალხო დამცველი უსინათლო პირთათვის ჩარჩო ბიულეტენის გამოყენების თაობაზე დათო ყვირილიანს ესაუბრა, შემდეგ კი თან ახლდა მას საარჩევნო უბანზე და ხმის მიცემის პროცედურების გავლის დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად პრობლემს წარმოადგენდა უსინათლოთათვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ისეთი ჩარჩო-ფორმის მიწოდება, რომელიც მათ საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემდა. მოგვიანებით, ცესკომ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის ჩართულობით, მოლაპარაკებები გამართა სტამბებთან. შედეგად, საკითხი მოგვარდა და შესაძლებელი გახდა განახლებული ჩარჩო/ფორმის დამზადება.

ადგილზე დაკვირვებით ცხადი გახდა, რომ კომისიის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულები სპეციალური ჩარჩოს გამოყენების ძირითად საკითხებზე. რომ არა თავად უსინათლო პირის სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, ხმის მიცემა დამოუკიდებლად შეუძლებელი იქნებოდა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კომისიის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას, შშმ პირთა არჩევნებში ეფექტური მონაწილეობისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)