საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პროექტის გახსნითი ღონისძიება
2024 წლის 19 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ღონისძიებაზე, სადაც დასრულებული პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ევროსაბჭოს ახალი პროექტი - „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში“.
პროექტი ადამიანის უფლებებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომას ეყრდნობა და მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ცვლილებებს სამართლებრივ, პოლიტიკის და ინსტიტუციურ ჩარჩოებში, განავითაროს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე, დარგის ექსპერტების შესაძლებლობები და გაზარდოს გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ ინფორმირებულობა განათლების სფეროში.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოადგილემ იმ კვლევებზე ისაუბრა, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა. კვლევები ეხებოდა სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების მეთოდოლოგიაზე, რომელიც გასულ წელს შემუშავდა. „აღნიშნული მეთოდოლოგია შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ ქვეყანაში პრევენციის მიმართულებით არსებული მექანიზმის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს, განსაზღვროს სამომავლო ნაბიჯები, პრობლემასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით,“ - განაცხადა ირინე ჩიხლაძემ და იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველი აპარატი და ევროპის საბჭო შემდგომშიც გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სვეტისლავ პაუნოვიჩი, ევროპის საბჭოს ადამიანის ღირსების და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის გენდერული თანასწორობის სამმართველოს უფროსი მარტა ბეკერა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელისო შონია.
პროექტის გავლენაზე, შედეგებსა და მიღებული გამოცდილების შესახებ პროექტის უფროსმა ოფიცერმა მარიამ ჯაჯანიძემ ისაუბრა, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები პროექტის მენეჯერმა სეგოლენ ჩესნაუმ წარმოადგინა.