ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის აცილების თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის იმ საქმიდან აცილების თაობაზე, სადაც განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერით, სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. 2020 წლის 3 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. შერჩეული მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია 8 აპრილს წარიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში და აღნიშნულის შემდეგ იგი უფლებამოსილია ჩაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვაში.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად გამართული უზენაესის სასამართლოს პლენუმის სხდომის არ ესწრებოდა ყველა წევრი. სხდომას ესწრებოდა 18 წევრი, რომელთაგან 17 არჩეულია ან ეხლა მონაწილეობენ კონკურსში იმ წესის საფუძველზე, რომელიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შემთხევაში, არსებობს, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური გარემოებები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველია.

უზენაესი სასამართლოს პლენუმის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა მიერაც მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ხვიჩა კიკილაშვილის - არჩევა, უშუალოდ დაინტერესებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესი არ იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი. აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდება, ეს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი მოსამართლეების გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის საკითხს დააყენებს ეჭვის ქვეშ.

საფუძვლიან ეჭვს აჩენს ასევე მოსამართლე კიკილაშვილის სუბიექტური მიკერძოებულობის გარემოებებიც. უზენაესი სასამარლოს პლენუმისთვისაც კი არ იყო ცნობილი წინასწარ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია. ასევე მასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ბიოგრაფია არ გამოქვეყნებულა საჯაროდ. პლენუმის სხდომის აუდიო ოქმში[1] ნათლად ჩანს, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 15 წუთი დაუთმო აღნიშნული საკითხის განხილვას და მოსამართლე კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში განწესებას. მისი მაღალი და განსაკუთრებული პროფესიული კრიტერიუმის დასასაბუთებლად მითითებულ იქნა, რომ იგი „უხმაუროდ“ ახორციელებდა სასამართლო უფლებამოსილებას საერთო სასამართლოში წლების განმავლობაში. კანდიდატს არ უსაუბრია მისი ხედვების შესახებ და არც კითხვა დაუსვამთ ამის თაობაზე პლენუმის წევრებს. ყველა ეს გარემოება იმ ფაქტთან ერთად, რომ უზენაესი სასამართლოს 18-დან 17 წევრს აქვს პირდაპირი დაინტერესება #1459 კონსტიტუციური სარჩელის მიმართ, ზრდის ბატონი ხვიჩა კიკილაშვილის მიმართ სუბიექტური დაინტერესების ეჭვებს ამ საქმესთან მიმართებით.

მოვუწოდებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილონ ჩვენი შუამდგომლობები როგორც მოსამართლეთა აცილების, ისე სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე, რათა გამოუსწორებელი შედეგი არ დადგეს საქმეზე.


[1] უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომის აუდიო ოქმი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:

< http://ombudsman.ge/res/misc/2020041512133318483.rar >

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)