საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წელს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მოხსენება წარადგინა
2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობა შეაფასა, ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ ტენდენციებზე; კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ ნაკლოვანებებზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2019 წლის მარტში წარუდგინა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგ მრავალი ახალი საკითხი წარმოჩინდა, ნაწილობრივ იმ თემებზეც ისაუბრა, რომლებიც 2019 წლის მანძილზე გახდა აქტუალური.
თავისი გამოსვლა სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების დაცვის მდგომარეობით დაიწყო და თემირლან მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხარვეზები და პატიმარ ლევან კორტავას სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული არაპროპორციულად მსუბუქი სასჯელების საკითხი მიმოიხილა.
სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, განიხილოს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა, შეაფასოს სიცოცხლის უფლების გამოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა და შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები.
ამასთან, გამოძიების ხშირი გაჭიანურების ფონზე, სახალხო დამცველს აუცილებლად მიიჩნია, მისი ინსტიტუტის მანდატის გაზარდა, რათა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც ქონდეს წვდომა, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად.
არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით გაწეულმა მუშაობამ გამოავლინა გამოძიების პრობლემები არასწორი კვალიფიკაციის, დაზარალებულის ჩართულობის, დროული გამოძიებისა და ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების კუთხით.
საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ყოველწლიურად აფასებს დახურულ დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას და სახელმწიფოს წარუდგენს რეკომენდაციებს არასათანადო მოპყრობის პრევენციული ღონისძიებების გასაუმჯობესებლად. მიმდინარე წელს გამოქვეყნდა წამების პრევენციის ეროვნული კომიტეტის 2018 წლის ანგარიში და თითქმის ყველა საკითხში კომიტეტი იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, რაც აპარატის სანდოობის კარგი დადასტურებაა. ამავე ანგარიშში აღნიშნულია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის პრობლემაც, რაზეც წლებია სახალხო დამცველი საუბრობს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ არაერთი სისტემური პრობლემა რჩება. მათ შორის, თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისების ნაკლებობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის უწყვეტობა, ოჯახების მხრიდან უგულებელყოფა და თანამდგომთა ქსელის არარსებობა.
სახალხო დამცველმა ისაუბრა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვასა და უკანონო დაკავებების შემთხვევებზე; ასევე განიხილა ნარკომომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა. სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი და მის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზები.
გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, გამოწვევად რჩებოდა არაჯანსაღი და განსაკუთრებულად პოლარიზებული მედია გარემო, მათ შორის საარჩევნო პერიოდში; რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რამაც საფრთხე შეუქმნა მედია პლურალიზმს.
შეკრების თავისუფლების რეალიზაციის პრობლემა 2018 წელს სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების განთავსების უკანონოდ შეზღუდვაში და კონტრდემონსტრაციების არაეფექტიან მართვაში გამოიხატა, თუმცა 2019 წელს ამ უფლების რეალიზაციამ სხვა მასშტაბებს მიაღწია და 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა სახალხო დამცველის მიერ სპეციალური კვლევის საჭიროება გამოკვეთა.
ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები რჩება. საგანგაშოა გარემოსათვის მიყენებული ზიანის მასშტაბური მონაცემები და არაეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციები. განსაკუთრებით აქტუალურია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემები. ქალაქმშენებლობის პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება. გადაუჭრელია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შედეგად წარმოშობილი გარემოსდაცვითი, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები.
შემაშფოთებელია შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა და სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა სტატისტიკა.
2018 წლის ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული პაციენტთა უფლებების არაეფექტიან დაცვასა და ხარისხიანი სერვისების ხელმიუწვდომლობაზე, განსაკუთრებით, ონკოპაციენტების მძიმე მდგომარეობაზე. ბოლო 5 წელიწადში 6-ჯერ გაიზარდა მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს საკმაოდ გართულებულად სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში უხდებათ საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობის კურსის გავლა და მედიკამენტების შეძენა.
პროფილური სახელმწიფო პროგრამის არსებობა შესაძლებელს გახდიდა ერთიანობაში პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ონკოლოგიური დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულ გამოვლენას, ასევე ხელს შეუწყობდა კიბოს გავრცელების შეჩერებას და ონკოლოგიური პაციენტებისათვის მკურნალობას უფრო ხელმისაწვდომს გახდიდა.
განსაკუთრებით საგულისხმოა, ხანდაზმულთა მდგომარეობა, რომლებიც პენსიასთან ერთად დღეს-დღეობით საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა 16% შეადგენს და რომელთა ნახევარზე მეტს თავისი პენსიის დიდი ნაწილის დატოვება ყოველთვიურად ბანკში უწევს საკმაოდ მაღალი საპენსიო სესხის განაკვეთების გამო. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ეფექტური ჩარევის გზით ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით ხანდაზმულთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთანავე საგულისხმოა, ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში უხილავი ძალადობის პრობლემა, რაც სამწუხაროდ სტატისტიკაშიც ვერ აისახება სრულყოფილად.
წინა წლების მსგავსად, არ შექმნილა ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულად მწვავე ნეგატიური კამპანიის, მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე, პოლიტიკურად უკიდურესად პოლარიზებულ ვითარებაში წარიმართა; საარჩევნო პერიოდს თან სდევდა სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტი, სიძულვილის ენის გამოყენების გაზრდილი შემთხვევები.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმეა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. გამორჩეულად უნდა აღინიშნოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ასევე მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, განათლების და ბავშვთა უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებული ვითარება. გაუსაძლისია მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
სახალხო დამცველმა ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობაც მიმოიხილა. ისაუბრა ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.
სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების სიმცირე, არასაკმარისი რესურსები, ძალადობა განცდილი ბავშვების დაცვისა და რეაბილიტაციის გაუმართაობა ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემას არაეფექტურს ხდის. სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვთა გაყვანის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კვლავ სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე რჩება. ხშირ შემთხვევაში, სკოლები არ აღრიცხავენ ბავშვების მიერ სწავლის მიტოვებას და ხელს უწყობენ ისეთი მავნე პრაქტიკების გავრცელებას როგორიცაა ბავშვთა ქორწინება და ნიშნობა.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირებიდან 5 წლის შემდეგ ეროვნულ დონეზე განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება არ განსაზღვრულა. 2018 წელს დასაქმების მსურველად რეგისტრირებული 6073 შშმ პირიდან მხოლოდ 99 დასაქმდა.
2084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 120-მდეა სრულად ადაპტირებული, ხოლო 690-მდე - ნაწილობრივ ადაპტირებული. რესურს ოთახი მხოლოდ 350 საჯარო სკოლას აქვს. სახელმწიფო არ აღრიცხავს სკოლის მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვებს. 2018-2019 სასწავლო წელს დარეგისტრირებული 524 000 მოსწავლიდან, სკოლების მიერ მონიშნულია მხოლოდ 750 შშმ მოსწავლე, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,14%-ია.
თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით 2018 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 158 ფაქტი შეისწავლა. მათგან 69% საჯარო სექტორს უკავშირდება. სახალხო დამცველმა გამოსცა 16 რეკომენდაცია და 6 ზოგადი წინადადება.
2018 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით, 149 ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა, ხოლო პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების მიხედვით, 193 ქვეყანას შორის 139-ე ადგილს იკავებს. საქართველოში გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა საკმაოდ მაღალია და 36%-ს შეადგენს.
2018 წელს ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილია 7 მკვლელობა და 11 მკვლელობის მცდელობა. 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ოჯახური დანაშაულის ნიშნით, ჩადენილია 3 ქალის მკვლელობა, ხოლო 5 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით პროგრამების არარსებობა განმეორებითი ძალადობის შემთხვევებს განაპირობებს.
რელიგიური უმცირესობები, უმეტესწილად, ვერ სარგებლობენ საჯარო სივრცითა და მედიით. ეროვნული უმცირესობებისთვის კვლავ რთულია განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.
სახალხო დამცველმა განსაკუთრებულად გამოყო თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი, საუბარია მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათ შრომით პირობებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობა და მათთვის საგადასახადო შეღავათის გაზრდის აუცილებლობა.
2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 8480 განცხადება და განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 6063 ზარი. ინდივიდუალური განცხადებების შესწავლის საფუძველზე გაცემულია 107 რეკომენდაცია/წინადადება, 11 სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება 2 კონსტიტუციური სარჩელი; მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში.
დასკვნით სიტყვაში სახალხო დამცველმა კმაყოფილებით აღნიშნა პარლამენტართა გაზრდილი ინტერესი ანგარიშის მიმართ, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის განვლილი შეცდომებისაგან თავის არიდების მცდელობებზე, განსაკუთრებით, საარჩევნო წლის დადგომის გათვალისწინებით.
დასასრულს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნებია, რაც მომავალი 20-30 წლის განმავლობაში გადაწყვეტს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს და შესაბამისად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსს.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ სახალხო დამცველის ანგარიშის შესრულების შესახებ დადგენილების პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის 308 რეკომენდაციიდან 259 რეკომენდაცია იქნებოდა ასახული პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში.