საქართველოს სახალხო დამცველმა ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული კლინიკა“ მოინახულა
2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განახლებული „სურამის ფსიქიატრიული კლინიკა“ მოინახულა და დაწესებულების სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.
ნინო ლომჯარიამ სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველი ვიზიტი 2018 წლის მარტში განახორციელა, როდესაც იქ არსებული ინფრასტრუქტურა და პირობები ბენეფიციარებისთვის ღირსების შემლახავ გარემოდ შეაფასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში განთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა.
მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების და პაციენტთა მძიმე ყოფის ამსახველი ფოტომასალის გავრცელების შედეგად, სურამის ფსიქიატრიული კლინიკის მენეჯმენტში განხორციელდა ცვლილებები და დაიწყო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებში სრულად განახლდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, კომუნიკაციები, შიდა ინფრასტრუქტურა; მოწესრიგდა კვების საკითხი; თუმცა, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება.
მიუხედავად სურამის დაწესებულების პაციენტთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება ვერ ჩაითვლება მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხად. ამ მიმართულებით ქვეყანაში კვლავ სერიოზული გამოწვევებია. დღეისათვის 10 დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას.
ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყებები უმოკლეს ვადებში გადადგამენ ეფექტიან ნაბიჯებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემზე დაფუძნებული, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად.