საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადება
რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული შიშები და კითხვები გაჩნდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ასევე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოქალაქეების მოწოდებები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის თუ სერვისების მიწოდების შეზღუდვის საჭიროების თაობაზე, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების მოტივით ხსნიან.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსგავსი დისკუსიები გამოხატვის თავისუფლებით დაცული ფორმაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია იყოს საზოგადოების ინფორმირებულობაზე და არა მხოლოდ ემოციებსა თუ შიშებზე დაფუძნებული, რადგან იგი მარტივად შეიძლება გადაიზარდოს სიძულვილის ენის ფართოდ გამოყენებასა და პირთა ეროვნული ნიშნით შევიწროებაში, რაც კატეგორიულად მიუღებელი და სახიფათო მოვლენაა.
საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები დაუშვებლად მივიჩნევთ ქსენოფობიური გამონათქვამების ტირაჟირებას, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის. აღნიშნულმა შესაძლოა, მომავალში უარყოფითი გავლენა იქონიოს სხვა ეთნიკური და ეროვნული ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზეც. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების კომუნიკაცია საზოგადოებასთან, დროული და ზუსტი მონაცემების თუ განმარტებების მიწოდების მიზნით.
შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებს და ჩვენს თანამოქალაქეებს, სოციალური ქსელების მომხმარებლებს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ინფორმირებული დისკურსის შექმნას და არ დავუშვათ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები.
- აგიტ მირზოევი - ჩართულობისა და განვითარების ცენტრი
- ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი
- მარი მიქოიანი - „GENERATION I“
- მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი
- ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირი
- სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკ“
- ალექსანდრ ბეჟენცევი - საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდობის ასოციაცია
- ალა ბეჟენცტვა - საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია „იაროსლავნა“
- ალი ალიევი - ავართა კავშირი „ავანი“
- ნონა ხანგოშვილი - სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“
- არნოლდ სტეფანიანი - საერთო-სამოქალაქომოძრაობა„მრავალეროვანი საქართველო“
- რიმა გარიბიანი - „ღია საზღვრები“
- ნაირა ბეპიევი - საერთაშორისო საზოგადოება „კავკასიური მოზაიკა“
- ლილი საფაროვა - ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
- ევგენია კოტანიდი - საქართველოს ბერძენთა ფედერაცია
- მარგალიტა ხიდირბეგიშვილი -ინტერნაციონალური საქართველო მშვიდობისთვის და გარემოს დაცვისთვის
- ეკატერინა ბიტკაში - ასურული ახალგაზრდულიორგანიზაცია„ნინევია“
- მამული ნეშუმაშვილი - „უდი“
- მარია ფილინა - კავშირი „პოლონია”