საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ დაბერების შესახებ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
2024 წლის 20-24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მარიამ თავდგირიძემ ნიუ-იორკში (აშშ) დაბერების შესახებ გაეროს წევრ სახელმწიფოთა შორის ღია სამუშაო ჯგუფის მე-14 სესიაში მიიღეს მონაწილეობა (OEWGA).
სესიის ფარგლებში 22 მაისს თამარ გვარამაძემ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაზე წარადგინა მოხსენება ხანდაზმულ პირთა მიერ ინფრასტრუქტურის, საცხოვრებლის და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. 24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურ ალიანსთან (GANHRI) და სხვა პარტნიორებთან ერთად, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის თანასპონსორობით უმასპინძლა ღონისძიებას - „ხარვეზების გადალახვა: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისთვის“. ღონისძიებაზე თამარ გვარამაძემ დამსწრე საზოგადოებას სახალხო დამცველის აპარატის როლი და საქმიანობა გააცნო ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; ყურადღება გაამახვილა აპარატის მუშაობის მეთოდებსა და მიდგომებზე, ასევე, აპარატის მიერ გამოვლენილ ძირითად გამოწვევებზე, როგორიცაა უსახლკარობა, სიღარიბე, სოციალური იზოლაცია, დისკრიმინაცია, არაადეკვატური სახელმწიფო პროგრამები და ძალადობა. თამარ გვარამაძემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლსა და მათი მუშაობის მნიშვნელობას ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და გაძლიერებისთვის. ისაუბრა ხანდაზმულ პირთა უფლებების თაობაზე გაეროს კონვენციის მიღების აუცილებლობაზე ხანდაზმული პირების ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველსაყოფად.
24 მაისს სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მარიამ თავდგირიძემ, სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) სახელით ერთობლივი განცხადება წარადგინა, რომელშიც ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ გაეროს ახალი კონვენციის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, რომ ამ მიზნით გადადგან შესაბამისი ნაბიჯები.
ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სახალხო დამცველი ყოველწლიურად ეხმიანება საპარლამენტო ანგარიშით, ასევე პერიოდულად ატარებს ხანდაზმულ პირთა დაწესებულებების მონიტორინგს და შედეგებს სპეციალურ ანგარიშებში ასახავს. ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებში; არის GANHRI-ს ხანდაზმულ პირთა უფლებების სამუშაო ჯგუფის წევრი, ხოლო ევროპის რეგიონში, ENNHRI-ის ხანდაზმულ პირთა უფლებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.