ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ENNHRI-ს და GANHRI-ს მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე 3 წლის ვადით აირჩიეს ENNHRI-ს და GANHRI-ს მმართველი საბჭოს წევრად. თავისი უფლებამოსილების განხორციელებას თამარ გვარამაძე 2025 წლის მარტიდან შეუდგება დანიის, გერმანიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, უკრაინის და სლოვენიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი არჩეულია ENNHRI-ს რეგიონულ წარმომადგენელად ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ბიუროში, რაც აპარატისთვის უდიდესი წარმატებაა.

გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 2024 წლის 28-29 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა, ENNHRI-სა და GANHRI-ს ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში, ფინანსური ანგარიშები, სიახლეები და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი განიხილეს, ასევე შეთანხმდნენ 2025 წლის პრიორიტეტებზე.

29-30 ოქტომბერს გაიმართა კონფერენცია - „შეიარაღებული კონფლიქტების სიტუაციებში მოქმედი NHRI-ების როლი და ფუნქციები“, რომელზეც შეიარაღებულ კონფლიქტებში ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების როლი და ფუნქციები გააანალიზეს, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მეთოდებზე იმსჯელეს და ქსელის წევრი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

ბრიუსელში მიმდინარე ღონისძიებებში ასევე მონაწილეობა მიიღო სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მარიამ თავდგირიძემ.

© ფოტოები აღებულია ENNHRI-ს ოფიციალური ვებგვერდიდან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)