ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

2021 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სახალხო დამცველის აპარატი თავისი მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის დადგენილი 12 წინაპირობის შესრულების შესახებ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბურჯანაძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ფონზე მიმდინარე შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, დადებითად შეაფასა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოებს ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მეტად გათვალისწინების საშუალებას მისცემს და იმედი გამოთქვა, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს ევროპული კონვენციისა და ECHR სასამართლო პრაქტიკის სწორ გამოყენებას და მათ ეროვნულ დონეზე პოპულარიზაციას.

„მისასალმებელია ადამიანის უფლებათა მეორე ეროვნული სტრატეგიის 2022-2030 წლების პროექტის შემუშავება, თუმცა, მასში არ ასახულა სასამართლო სისტემის ინსტიტუციური პრობლემები და რეფორმების საჭიროება. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს, სასამართლო სისტემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის ყველა შეთავაზება უარყო“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილემ თავის გამოსვლაში უკმაყოფილება გამოხატა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე 4 წელია არ გამოაქვს გადაწყვეტილება ფარული თვალთვალის შესახებ ნორმატიული ჩარჩოს კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ასევე, შემაშფოთებელი უწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, დაჩქარებული წესით, წინასწარი გაფრთხილების, კონსულტაციების ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით დასაბუთებული არგუმენტის გარეშე.

მედია გარემოზე საუბრისას გიორგი ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებისა და დევნის მხრივ არსებულ კრიტიკულ მდგომარეობას. ცალკე გამოყო 2021 წლის 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ ჩაშლის დროს დაშავებული 40-მდე ჟურნალისტის საკითხი და გამოძიების უმოქმედობა; აქვე ისაუბრა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამაუწყებლო გადაცემების შინაარსის კონტროლზე, რომელიც ბუნდოვან საკანონმდებლო დებულებებს ეფუძნება.

თავის გამოსვლაში გიორგი ბურჯანაძემ მოკლედ მიმოიხილა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა დაადგინა საქართველოს სახალხო დაცვემლმა - მათ შორის, ნიკა გვარამიას საქმე, „კარტოგრაფების საქმე“, 2019 წლის 20 ივნისის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება და ა.შ.

ისაუბრა გენდერული თანასწორობის განსახორციელებლად გაწეულ მუშაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომ სამუშაო პროცესში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შეფასება და მხარდაჭერის სერვისებიც იქნება გათვალისწინებული.

და ბოლოს, გიორგი ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ კალიურანდს, ბატონ მიქსერს და ევროკავშირის პარლამენტს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ არაერთხელ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)