ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას. დეკლარაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ 10 დეკემბერს აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დღეს.

საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს დეკლარაციის მთავარ მისწრაფებას შეიქმნას ისეთი მსოფლიო, „რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე“.

წინამდებარე განცხადებით, გვსურს, გასული წლების მსგავსად, შევახსენოთ ხელისუფლებას და საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობა. სწორედ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განაპირობებს ქვეყანაში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას. ადამიანი და მისი ღირსება უნდა იყოს მთავარი მამოძრავებელი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. გადაწყვეტილების მიმღები პირები, თავიანთი უფლებამოსილებების შესრულების პროცესში, ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უნდა იყვნენ შებოჭილნი.

წარმოდგენილ განცხადებაში მოკლედ მიმოვიხილავთ, წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. შევეხებით იმ ძირითად მოვლენებს და მათთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რომლებიც საზოგადოების ინტერესის საგანი იყო მთელი წლის მანძილზე.

2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინეს პროცესის სამართლიანად, მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე. აღნიშნულზე დეტალურად საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში. აქ, დასკვნის სახით, ვიტყვით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიაზე უვადოდ ასარჩევად. შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას აყენებდა ეჭვქვეშ. ამავდროულად, მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა. ასევე საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვებს წარმოშობს.

2019 წელს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ შეკრების უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. წლის განმავლობაში არაერთი შეკრების, მანიფესტაციის, საპროტესტო აქციის, კონტრაქციისა თუ პიკეტირების შემსწრენი გავხდით.

შეკრების, მათ შორის სპონტანური აქციების მიზეზი ხშირად პოლიტიკური შეხედულებების, ან რაიმე საკითხთან დაკავშირებული პროტესტის გამოხატვა იყო, მაგალითად უსაფრთხო გარემოში შრომის, ჰესების მშენებლობის და სხვა თემები. არაერთ შემთხვევაში კი ადგილი ქონდა სხვადასხვა ძალადობრივი დაჯგუფებების და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ შეკრების უფლების საფარქვეშ დაორგანიზებულ მსვლელობებს და აქციებს1, რომლებიც უმცირესობათა უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული და ცალკეულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებებიც ახლდა თან.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა. 20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე დაშლილ იქნა ძალის გამოყენებით. მართალია, მოცემულ შემთხვევაში წინა შემთხვევისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის.

აღნიშნული ტიპის შეკრებებისგან განსხვავებული იყო სახელმწიფოს რეაგირება აგრესიული, მოძალადე და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ დაგეგმილ შეკრებებთან მიმართებით. ამ კუთხით, საყურადღებოა ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტები. ამ შემთხვევებში არაერთ ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველი მიიწვია 20-21 ივნისს უფლებათა დარღვევების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2019 წლის 2 ივლისიდან ეცნობიან საქმის მასალებს. გამოძიების პროცესში, სახალხო დამცველმა 5 წინადადებებით მიმართა პროკურატურას რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.2 გამოძიების მიერ ამ დროისთვის მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა სახალხო დამცველის წინადადებები. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს გამოძიების პროცესის მონიტორინგს, რომლის შედეგებზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარედგინება დამატებით.

2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა. მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს. არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT).

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს, განხორციელებული შეწყალებების საკითხს. შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. 2019 წლის მანძილზე სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა 3 ფაქტის შესახებ, როდესაც მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებულ იქნა შეწყალება და აღნიშნულმა პირებმა, სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუხდელად დატოვეს პენიტენციური დაწესებულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეწყალების უფლებამოსილების ამგვარმა გამოყენებამ დაარღვია სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი.

2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფაქტები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების, ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ახალგორში გამშვები პუნქტის სექტემბრიდან ჩაკეტვამ, შესაბამისად ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობამ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. მიმოსვლის შეზღუდვა იმდენად მწვავე პრობლემების წინაშე აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქმნება ჰუმანიტარული კატასტროფის რეალური საფრთხე.

შემაშფოთებელია ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებული ინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავების პრაქტიკა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. განსაკუთრებით საგანგაშოა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება.

კვლავ მწვავედ დგას ავარიულ შენობებში (ე.წ. ნგრევად ობიექტებში) დევნილთა ცხოვრების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს განსახლების პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი დანგრევის პირას მყოფ ობიექტში კვლავ რჩებიან დევნილები. შესაბამისად, აუცილებელია უმოკლეს დროში მოხდეს ასეთ შენობაში მცხოვრებ დევნილთა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანა.

სახალხო დამცველი მისი მანდატიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მონიტორინგს უწევს თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წლის წინ მსხვერპლი ქალების მიერ საკუთარი გამოცდილების შესახებ საჯაროდ საუბრის და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების შედეგად, 2019 წლის 19 თებერვალს ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ფარული ფორმა - სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აიკრძალა და დისკრიმინაციის სახედ განისაზღვრა. ამავე წლის 3 მაისის ცვლილებებით კი საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო რეგლამენტაციის შემდეგ, სახალხო დამცველისადმი სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ მომართვიანობა გარკვეულწილად გაიზარდა. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, მსგავსი ფაქტების უმეტესობას ქალები სამუშაო ადგილზე აწყდებიან.

განსხვავებული მოსაზრების გამო შრომითი უფლებების შეზღუდვის შემთხვევები წელსაც პრობლემური იყო. დამსაქმებლების მხრიდან დისკრიმინაციული ქმედებები გამოიხატებოდა როგორც სამსახურიდან გათავისუფლებაში, ასევე სამუშაო ადგილზე შევიწროებაში.

კვლავ გამოწვევად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენცია და გამოვლენა. 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ვიტალი საფაროვის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე იმსჯელა სიძულვილის მოტივის ინდიკატორებზე და სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მნიშვნელობაზე, დანაშაულის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის.

შრომის უსაფრთხოების კუთხით კვლავ მძიმე მდგომარეობაა. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 71 და გარდაიცვალა 25 ადამიანი. გასულ წელთან შედარებით, არსებული კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები აღნიშნული პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარების მიზნით. დადებითაც უნდა შეფასდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ყველა სექტორზე გავრცელება და შრომის ინსპექტორებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის მიცემა. ამ ეტაპზე შრომის ინსპექტორებს არ აქვთ შრომის კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობისა და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულია კანონმდებლობაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამუშაო ფორმატით განიხილება სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროეტის დროული დამუშავება ყველა რისკების გათვალისწინებით, რომ შედეგად მაქსიმალურად მოხდეს დასაქმებულთა უფლებების ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა და ამავდროულად, არ შეიქმნას ცვლილებების საფუძველზე გათვალისწინებული მოთხოვნებს პრაქტიკაში აღსრულების პრობლემა.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისების ხარისხი და წამლებზე არსებული მაღალი ფასები, ასევე რეგიონებში ამბულატორიების მოწყობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები. უმწვავეს პრობლემად რჩება კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა. არ არსებობს ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამა. სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება გვერდითი მოვლენების მართვა და მხარდამჭერი ფსიქოლოგია.

2019 წელს საქართველოში, 17 მუნიციპალიტეტში, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ 70-ზე მეტი ამბულატორიის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების ნაკლებობის პრობლემები.

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზების მიმართულებით აქტუალურია ქვეყანაში ეკოლოგიის, მწვავე საფარის შენარჩუნების და ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის დადგენისა და შეფასების ერთიანი სტანდარტის უქონლობის კუთხით არსებული გამოწვევები. პრობლემად რჩება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო მექანიზმების არარსებობა. კვლავ აქტუალურია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელის მნიშვნელოვან დამაბინძურებელ წყაროს მშენებლობა წარმოადგენს, ამ მხრივ პრობლემად რჩება რეგიონებში, თბილისისგან განსხვავებით, მკაცრი საკანონმდებლო რეგულირების არქონა.

არაერთი წელია საქართველოში აქტუალურია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები, ჰესების მშენებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს და, ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოსდევს.

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კვლავ რჩება სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები. პრობლემად რჩება ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განათლების უფლების ეფექტური განხორციელება, არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე ინფორმაციის ფლობა და მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეროვნული უმცირესობების განათლების და სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის გაუმჯობესება; პრობლემად რჩება პედაგოგთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, სწავლების ხარისხი, რაზეც არსებით გავლენას, სხვა ფაქტორებთან ერთად, არაგრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლებაც ახდენს.

გასული წლების მსგავსად ეროვნული უმცირესობებისთვის პრობლემას წარმოადგენს მათთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის და შენარჩუნების საკითხი, ხოლო აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მხრიდან არსებითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით, წლების განმავლობაში არ იჭრება ისტორიული საკუთრების დაბრუნების, განათლების სფეროში არსებული გამოწვევების, რელიგიური გაერთიანებების მშენებლობებთან დაკავშირებული ბარიერებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული რეაგირების პრობლემა. რელიგიური უმცირესობები, წლებია, უშედეგოდ მოითხოვენ ისტორიული რელიგიური საკუთრების დაბრუნებას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვათ. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.

2019 წლის მდგომარეობით არსებითი ხასიათის ცვლილება არ განუცდია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას. წელსაც აქტუალურია შშმპ უფლებების შესახებ გაეროს კონვენციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხი. კვლავაც არ არის განსაზღვრული პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება და არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შშმ პირებს აბრკოლებს, უფლებადარღვევის ფაქტები გაეროს შესაბამის კომიტეტში გაასაჩივრონ.

გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხი, არასაკმარისია სახელწმიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შშმ პირების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, მზარდი მოთხოვნის მიუხედავად შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი არ იზრდება. სამწუხაროა რომ შშმ პირები კვლავ ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით შეუფერხებელ სარგებლობას, მათ შორის, მისაწვდომობის არსებული გამოწვევების გამო, ხოლო ამ პირობის შესაქმნელად გატარებული აქტივობები არ არის საკმარისი. პრობლემად რჩება ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არაა საკმარისი და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაიწყოს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. განსაკუთრებით საყურადღებოა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული ქალების მდგომარეობა, იმდენად რამდენადაც დაწესებულებაში ცხოვრების ყოფით პრობლემებთან ერთად, ისინი ფაქტობრივად დაუძლეველ წინაღობას აწყდებიან ხარისხიანი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისის მიღების პროცესში.

2019 წელსაც ბავშვები კვლავ განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ, ხოლო სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს მათი საუკეთესო ინტერესების დაცვას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებას, თუმცა მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, კოდექსი გახდეს ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ დონეზე ყოველმხრივ დაარეგულირებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებს.

წლების განმავლობაში კრიტიკული საჭიროების წინაშე დგას ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შესაბამისი გარანტიებით და უფლებამოსილებით უზრუნველყოფილი სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართულობა. ამასთან, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი.

ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით არსებული ვითარება წლების განმავლობაში არ იცვლება, რაც არსებული პროგრამების არაეფექტიანობაზე მიუთითებს. კვლავ მაღალია იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, განათლების სისტემის მიღმა რჩებიან, მათ შორის აღსანიშნავია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები.

ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. პრობლემას წარმოადგენს როგორც პრევენცია, ისე კონკრეტული შემთხვევების მართვა. კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა. ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების პრევენციისთვის, უმნიშვნელოვანესია თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, განათლების სისტემაში გენდერული საკითხებისა და კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირების მეშვეობით.

უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის კუთხით, კვლავ არ არის საკმარისი სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს მინიმალური გარანტიები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის მოსაგვარებლად. ასევე, უსახლკარო პირთაგან ყველაზე მოწყვლად კატეგორიას - ჭერის არმქონე პირებს არ ეძლევათ სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ჩართვის, საარსებო შემწეობის მიღებისა და სხვა შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა.

მოსახლეობაში ხანდაზმულთა წილის მზარდი მაჩვენებელის და მათ წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, სახელწიფოს არ დაუმტკიცებია ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა.

განსაკუთრებით პრობლემურია ხანდაზმულ პირთა სიღარიბე და პენსიონერთათვის სესხების მაღალი პროცენტით გაცემის საკითხი, რის გამოც პენსიონერთა ნახევარზე მეტს ყოველთვიურად პენსიის დიდი ნაწილი უკავდებათ.

ხანდაზმულ პირთა სახელმწიფო სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა: თანამშრომელთა რაოდენობის სიმცირის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარების მოთავსების და ამავდროულად მათთვის ფსიქიატრის მომსახურების ხელმიუწვდომლობის და სხვა პრობლემები.

გენდერული თანასწორობის მიღწევის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ პრობლემად რჩება ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არათანაბარი ეკონომიკური მონაწილეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების და პრევენციის კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, დანაშაულის სამართლებრივი შეფასებისას გენდერული მოტივის გამოკვეთა და სამართალდამცავი უწყების რიგი წარმომადგენლების არასენსიტიური დამოკიდებულება. კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტიანად ჩართვის პრობლემა.

გამოწვევად რჩება სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, სათანადო რეაგირების განხორციელება და მსხვერპლებისთვის საჭირო სერვისის შეთავაზება. ასევე, თავშესაფრის დატოვების შემდგომ მსხვერპლების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა.

და ბოლოს, განსაკუთრებით გვსურს გავუსვათ ხაზი სამხედრო პირთა უფლებრივ მდგომარეობას. წელს თითქმის ყველა სამხედრო ნაწილი მოვინახულეთ და უამრავ სამხედრო პირს პირადად გავესაუბრეთ, რათა მათი უფლებრივი მდგომარეობა შეგვეფასებინა. არაერთი ანგარიში და რეკომენდაცია მომზადდა ამ მიმართებით (შეეხებოდა სამხედრო ნაწილების ინფრასტრუქტურას, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს და შრომის პირობებს) და იმედს ვიტოვებთ მათი შესრულება მოხდება უახლოეს პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მიერ. წელს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შესრულდა ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაუმჯობესების კუთხით და ვიმედოვნებთ, აღმასრულებელი ხელისუფლება დროულად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის დავალებას და გაზრდის საშემოსავლო შეღავათს მათვის 2020 წლიდან.

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის და საჭიროების წინაშე დგას. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში. აგრეთვე, ხაზს უსვამს 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას და იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქნება გაცილებით პოზიტიური და შედეგზე ორიენტირებული.


1 ამ კუთხით საყურადღებო იყო 2019 წლის 14 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დაგეგმილი აქციის ჩატარებაში ხელშეშლის მიზნით, 8 ივლისს ანტიდისკრიმინაციული კანონისა და ,,ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართული და ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართული აქციები

2პოლიციის მაღალი და საშუალო რანგის თანამშრომლების მიერ დანაშაულებრივი ქმედებების (მოქმედებით და უმოქმედობით) შესაძლო ჩადენის შესახებ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ჩაეტარებინათ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები: შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვა, სპეც. საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულად ამოღება, მეთოფეებისთვის არალეტალური იარაღის გამოყენების საკითხზე ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი პირების დამატებითი და დეტალური გამოკითხვა, პოლიციის ყველა რგოლის რაციის ჩანაწერების ამოღება და შესაბამისი ექსპერტიზის დანიშვნა, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირებისა და მეთოფეების მობილური ტელეფონების ამოღება. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა სახალხო დამცველის წინადადებები. კერძოდ, გამოიკითხა შსს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, ინსტუქტაჟის ჩატარებასთან დაკავშირებით გამოიკითხა შესაბამისი პირების დიდი ნაწილი, გამოიკითხნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და თანამშრომლები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურისა და ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. არ გამოიკითხნენ განმეორებით და დეტალურად შსს-ს იმჟამინდელი მინისტრი და მისი მოადგილეები (ორი მოადგილე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ღონისძიებაში), არ ჩატარდა რაციების ჩანაწერებზე ექსპერტიზა, არ იქნა ამოღებული ქვემდგომი თანამშრომლების რაციის ჩანაწერები და არ იქნა ამოღებული მობილური ტელეფონები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)