საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ
2021 წლის 21 იანვარს, 12 წლიანი ლოდინის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II). გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს ეხება.
2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სადაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და ასევე კონვენციის N4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).
21 იანვრის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო საქართველოს მოქალაქეებისათვის ზემოაღნიშნული ყველა მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევაში, გარდა კონვენციის N1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით დაცული განათლების უფლებისა (დაადგინა რა, რომ კონვენციის N1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი არ დარღვეულა) და მიზანშეწონილად არ მიიჩნია კონვენციის მე -13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) განხილვა.
კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ
- ადგილი ქონდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 მუხლებისა (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) და კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკას
- საქართველოს დაახლოებით 160 მოქალაქის მიმართ, რომლებიც მძევლად იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, 2008 წლის 10 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკას. კერძოდ, მათი დაკავების პირობები და მათ მიმართ განხორციელებული მოპყრობა ევროპულმა სასამართლომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა
- 2008 წლის აგვისტოში ქართველი სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგოდ
- ადგილი ჰქონდა ქართველი სამხედრო ტყვეების წამებას კონვენციის მე–3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ და აღნიშნული წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას
- დაირღვა საქართველოს მოქალაქეებისთვის კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიმოსვლის თავისუფლების უფლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეთნიკურად ქართველ დევნილებს დაბრუნებაში ხელს რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები უშლიდნენ.
- საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ქართულ სოფლებში მიმდინარეობდა სახლების სისტემური დაწვა და ძარცვა, საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, სიცოცხლის ხელყოფა მათი ეთნიკური კუთვნილების ნიშნით.
დიდმა პალატამ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა პროცედურული ვალდებულება კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად ეწარმოებინა ეფექტიანი გამოძიება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში), ასევე საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ), თუმცა ასეთი გამოძიება რუსეთის ფედერაციას არ განუხორციელებია.
ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, მიიჩნია რა, რომ რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა სასამართლოსთან და არ წარუდგინა მას მოთხოვნილი მასალები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაში იმსჯელა საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (8-12 აგვისტო) და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში რუსეთის ფედერაცია საავიაციო და საარტილერიო დაბომბვების გზით ცდილობდა „კონტროლის“ დამყარებას საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, ვინაიდან მიმდინარეობდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ ქაოსურ ვითარებაში არ არსებობდა რაიმე „კონტროლი“. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებები უნდა შეფასდეს დომინანტურად არა ევროპული კონვენციის, არამედ საერთაშორისი ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით და ამ მოტივით უარი თქვა განეხილა და ემსჯელა რუსეთის პასუხისმგებლობაზე 8-12 აგვისტოს პერიოდში განხორციელებულ მოვლენებთან მიმართებით. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის იურისდიქცია ცნო - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების დადების და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნულ პერიოდში ჩადენილ დარღვევებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა დაადგინა.
სასამართლომ ღიად დატოვა კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი. აღნიშნული საკითხის განხილვა ერთი წლით გადადო და ამ ვადაში მხარეებს - საქართველოსა და რუსეთს კომპენსაციასთან დაკავშირებით მორიგების საშუალება მისცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სამართლებრივი და ისტორიული კუთხით უდიდესი მნიშვნელობისაა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ბუფერულ ტერიტორიებზე 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. აღნიშნული პერიოდის შემდგომ, რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულება/დაქვემდებარება ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს „ეფექტიან კონტროლს“ აღნიშნულ ტერიტორიებზე. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი ვალდებულება აქვს უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება საკუთარ სახლებში.
აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურატურის ოფისი 2016 წლიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. მიგვაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზეგავლენას იქონიებს აღნიშნულ პროცესზე, განსაკუთრებით კი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ნაწილში. ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ადგილი ქონდა ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებას და აღნიშნულზე პასუხისმგებელ სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაცია ცნო. ქართველ სამხედრო ტყვეთა წამების გამო დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირთა გამოვლენა და მათთვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.
© Photo by Council of Europe