ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის გამოსვლა ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთოს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე (HDIM)

2019 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთოს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების 2019 წლის შემფასებელ შეხვედრაზე (HDIM) გახსნა კანონის უზენაესობის სესია და მონაწილეებს მიმართა. მან ისაუბრა საქართველოში და რეგიონში არსებული ადამიანის უფლებების გამოწვევების შესახებ. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელთაგან ის ერთადერთი იყო, რომელსაც წელს ამგვარი პატივი ხვდა.

ნინო ლომჯარიამ მიმოიხილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დემოკრატიულ საკანონმდებლო პროცესი, უფლებების თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ უფლებებში თანაბარი მონაწილეობა.

დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესისა და თანაბარი მონაწილეობის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველმა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების: ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური უმცირესობების, პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანაბარი მონაწილეობის გამოწვევებზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ რთულია თანაბარი მონაწილეობის შესახებ საუბარი მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 53% ქალია, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ხმა 20%-საც ვერ აღწევს.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე საუბრისას სახალხო დამცველმა სინანული გამოთქვა საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული ხარვეზების გამო.

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესზე და საქართველოს სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის მოსაზრებებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

სახალხო დამცველმა მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს და უფლებადამცველებს იმუშავონ აქტიურად სასამართლოს ინსტიტუციურ საკითხებთან - განსაკუთრებით მოსამართლეების არჩევასთან - დაკავშირებით. ხაზი გაესვა სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობას სხვა ძირითადი უფლებების დაცვის საკითხში. „სასამართლოსთან დაკავშირებულ ინსტიტუციონალურ რეფორმებში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მონაწილეობის ფართო პრაქტიკა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი კონტექსტი და გამოწვევები და ვისაუბროთ აშკარად არსებული პრობლემების შესახებ“, _ განაცხადა სახალხო დამცველმა გამოსვლის დასასრულს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთოს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების 2019 წლის შემფასებელ შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდა ჩაატაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სამართლიანი და გამჭვირვალე ნომინირებისა და არჩევის პროცედურები.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)