საქართველოს სახალხო დამცველის დელეგაციამ პორტუგალიაში შეხვედრები გამართა
2024 წლის 3, 4 და 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის დელეგაცია პორტუგალიაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა პორტუგალიის ომბუდსმენთან მარია ლუსია ამარალისთან, პორტუგალიის შრომასა და დასაქმებაში თანასწორობის კომისიის (CITE) ხელმძღვანელთან კარლა ელიანა დე კოსტა ტავარესთან, პორტუგალიის გენერალური პროკურორის მოადგილესთან კარლოს ადერიტოსთან და პორტუგალიის უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტთან, მოსამართლე ნუნო გონჩალვესთან.
პორტუგალიის ომბუდსმენის ოფისში მიმდინარე ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები პორტუგალიის ომბუდსმენის უფლებამოსილებას და სამუშაო გამოცდილებას გაეცნენ. ისაუბრეს მოქალაქეთა მიღების და ცხელი ხაზის მომსახურების დეტალებზე, მედიაციის ფუნქციაზე და მოქალაქეთა მომართვისა თუ საკუთარი ინიციატივით საქმეთა შესწავლის წესზე. გაიზიარეს გადაწყვეტილების მიღებისა და ანგარიშების მომზადების პრაქტიკა. პორტუგალიის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელთან მიგელ ფელდმანთან გამართულ შეხვედრაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობის პრინციპები განიხილეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესში სახალხო დამცველის აპარატისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარება.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსა და პორტუგალიის ადამიანის უფლებათა დამცველმა ინსტიტუციებმა შემდგომი თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შრომასა და დასაქმებაში თანასწორობის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გაეცნენ კომისიის მუშაობას დასაქმებულ ქალთა და კაცთა შრომით უფლებებს, სახელფასო სხვაობის, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა თუ სხვა სიკეთეებით სარგებლობის და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით გათავისუფლების საქმეებს, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების ვადებს და პროცედურებს; ასევე განიხილეს კომისიის აქტივობები საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა უზენაეს სასამართლოსა და მთავარ პროკურატურაში, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაეცნენ ამ სისტემათა მუშაობის წესს და მათ ურთიერთობასა და თანამშრომლობას ომბუდსმენის ინსტიტუტთან.