საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურმა ალიანსმა კიდევ ერთხელ მიანიჭა „A“ სტატუსი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურმა ალიანსმა (GANHRI) 2024 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ მიანიჭა „A სტატუსი“, რაც ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებთან. „A“ სტატუსი ის უმაღლესი შეფასებაა, რაც შეიძლება ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა მიიღოს გაეროს სისტემაში.
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები (NHRIs) „A“ სტატუსს იმ შემთხვევაში იღებენ, თუ ისინი სრულად შეესაბამებიან გაეროს პარიზის პრინციპებს, „B“ სტატუსს კი, როცა ამ პრინციპებს ნაწილობრივ აკმაყოფილებენ. GANHRI-ს აკრედიტაციის ქვეკომიტეტი ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს აკრედიტაციის მიზნით 5 წელიწადში ერთხელ აფასებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი „A“ სტატუსს 2007 წლიდან მუდმივად ფლობს.
პარიზის პრინციპები, რომელშიც ის ძირითადი კრიტერიუმია გაწერილი, რასაც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები უნდა აკმაყოფილებდნენ „A“ სტატუსის მისაღწევად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს მიიღო. ეს პრინციპები უზრუნველყოფს NHRI-ების ეფექტურ ფუნქციონირებას და სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს რომ ინსტიტუტს ჰქონდეს ფართო მანდატი, იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ჰქონდეს საკმარისი რესურსები მანდატის ეფექტურად შესასრულებლად. პარიზის პრინციპები წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის ამკვიდრებს უმაღლეს სტანდარტებს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტებად ჩაითვალოს.
„A“ სტატუსის მატარებელი NHRI-ები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. კერძოდ, „A“ სტატუსი ადასტურებს NHRI-ების დამოუკიდებლობას, ხაზს უსვამს მის ობიექტურობას და ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, „A“ სტატუსის მქონე NHRI-ებს ეძლევათ შესაძლებლობა - მონაწილეობა მიიღონ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებში დამოუკიდებელი სტატუსით, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების გვერდით. გარდა ამისა, „A“ სტატუსი NHRI-ებს აძლევს უფლებამოსილებას, ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგინონ წერილობითი მოსაზრება, განცხადება, თავისი მოსაზრება დღის წესრიგთან დაკავშირებით. მათ აგრეთვე ეძლევათ შესაძლებლობა, გამართონ პარალელური ღონისძიებები ადამიანის უფლებათა საბჭოს მორიგი სესიის მიმდინარეობის დროს, მიიღონ მონაწილეობა მთავრობათშორის მოლაპარაკებებში საბჭოს რეზოლუციების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ასევე, წარადგინონ ვიდეო შეტყობინება საბჭოს მორიგი სესიისთვის და ა.შ.