საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო რუსეცკი საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ უზბეკეთში USAID სამართლებრივი რეფორმების პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრაზე უზბეკეთის დელეგაციის წევრები ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობას და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ სერვისებს გაეცნენ.
სოფიო რუსეცკიმ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის შექმნის ისტორიაზე, საქმიანობაზე, თემატურ მიმართულებებზე და უწყებებთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ, მეთოდოლოგიასა და კვლევის ფარგლებში არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე მიიღეს ინფორმაცია და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.