საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის სრულუფლებიანი წევრი გახდა
2018 წლის 7 ნოემბერს, ბრიუსელში თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წევრობის საკითხი განიხილეს და საქართველოს თანასწორობის ორგანოს სრული წევრობის გადაწყვეტილებას ქსელის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქსელის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში თანასწორობის მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების და მისი გაზიარების მიმართულებით. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატს, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქსელის საქმიანობის გაძლიერების და თანამშრომლობის საკითხებში.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქსელის წევრები მხოლოდ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოები იყვნენ. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელსაც გაწევრიანების შესაძლებლობა 2017 წელს, გენერალურ ასამბლეაზე განხორციელებული წესდების ცვლილებების თანახმად მიეცა.
საქართველოს სახალხო დამცველი 2014 წლიდან EQUINET-ის საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.