ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის ბიუროს წევრი გახდა

2021 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პირველად აირჩიეს ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის ბიუროს წევრად.

საქართველოს სახალხო დამცველი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2018 წლის 29 მარტს გახდა. ამ მოკლე პერიოდში ბიუროს წევრად არჩევა მიუთითებს, რომ ქსელში შემავალი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობა.

ბიუროში სახალხო დამცველს ერთი წლის ვადით ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან სოხაძე წარადგენს.

ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის წევრობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეხმარება უკეთ გაეცნოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ბავშვთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელი ინსტიტუტების ინფორმაციებს და სტრატეგიებს, ასევე, საერთაშორისო სივრცეში გააზიაროს თავისი გამოცდილება. ბიუროს მუშაობაში მონაწილეობა დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი აპარატისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)