საქართველოს სახალხო დამცველი შვედეთის ელჩს შეხვდა
2018 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შვედეთის ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.
ნინო ლომჯარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის როლზე გენდერული თანასწორობის დამკვიდრების, ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო განათლების საქმეში; ისაუბრა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმზე, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობასა და სხვა საკითხებზე.
შვედეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს სახალხო დამცველს და მის აპარატს ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ეკატერინე სხილაძე და შვედეთის საელჩოს პირველი მდივანი და განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ელისაბეთ ბრანდერბერგი.