ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს გენერალური პროკურორს შეხვდა

2025 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამართლის პოლიტიკა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა, მათ შორის, ალტერნატიული - არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები. ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის, ფემიციდისა და ბავშვის ასაკში ქორწინების პრევენციის გზებზე. ყურადღება გაამახვილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ციფრული ძალადობისა და სხვა საკითხებზე. ხაზი გაუსვეს უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სახალხო დამცველმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ერთი მხრივ დაზარალებულთა, ხოლო მეორე მხრივ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გენერალურმა პროკურორმა სახალხო დამცველს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიან გამოძიებასა და სახალხო დამცველის აპარატის აქტიურ ჩართულობაზე მსგავსი კატეგორიის საქმეებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე, ასვე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)