ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ყირიმის საპარლამენტო სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

2022 წლის 26 ოქტომბერს ყირიმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში ომბუდსმენებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების NHRI-ების კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით - „ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. ყირიმი, უკრაინა და მსოფლიო“.

ონლაინ ღონისძიებაზე ისაუბრეს ყირიმში და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ომბუდსმენებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლზე საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ლტოლვილთა მიღებასა და მათი ადამიანის უფლებების დაცვაზე.

თავის გამოსვლაში ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა გასული საუკუნის 90-იან წლებში და 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის უმძიმესი დარღვევის ფაქტები, ისაუბრა დაღუპულ, დაშავებულ და ასიათასობით იძულებით დევნილ უდანაშაულო ადამიანზე. ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოში განახორციელა.

სახალხო დამცველმა ასევე, ისაუბრა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა (ICC) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი მხარის პასუხისმგებლობაზე ადამიანის უფლებების განგრძობად დარღვევებზე როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ შორის, სიცოცხლის, უსაფრთხოების, საკუთრების, გადაადგილების, განათლების და სხვა უფლებების უხეში დარღვევის პრაქტიკაზე.

„ადამიანის უფლებების დარღვევის ამ საშინელი გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობა და მე პირადად ვგრძნობთ იმ ტკივილს, რომელიც უკრაინას მიადგა 2014 წლის რუსეთის უკანონო აგრესიის და2022 წლის 24 თებერვლის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მძიმე და არაადამიანური ქმედებების ჩამდენმა პირებმა, მათ შორის მაღალმა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ, პასუხი აგოს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის. ამასთან დაკავშირებით, მივესალმები ICC-ს პროკურორის გამოძიებას უკრაინის სიტუაციის შესახებ და იმედი მაქვს, რუსეთი პასუხს აგებს წარსულშიც და ახლაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ღონისძიებაში მონაწილე ომბუდსმენებმა, NHRI-ების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოებების მშენებლობაზე, განიხილეს უკრაინელ ლტოლვილთა განთავსების საკითხები, მათი უფლებები და მიმღები ქვეყნების ეროვნული სისტემების წინაშე მდგარი გამოწვევები.

კონფერენციის შედეგების მიხედვით, მომზადდა დეკლარაცია, რომელიც ღიაა ინსტიტუტებისთვის ხელმოსაწერად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)