საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ მუშაკებს შეხვდა
2019 წლის 1 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ მუშაკებს შეხვდა და ქვეყანაში სოციალური მუშაობის სისტემაში არსებული პრობლემები განიხილა.
სახალხო დამცველმა პირადად მოისმინა სოციალურ მუშაკთა წინაშე მდგარი პრობლემები, რის გამოც მათი საქმიანობა სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიმართულებით არსებითი გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, მათ კვლავ ძველი მეთოდებით, კრიტიკულად მწირი ფინანსური და ადამიანური რესურსებით უწევთ მუშაობა. სავალალო მდგომარეობაშია და სრულიად არ არის ბენეფიციარებზე მორგებული სოციალური მომსახურების ცენტრებისთვის განკუთვნილი შენობები.
სახალხო დამცველის შეფასებით, სოციალური მუშაობის სფეროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ვალდებულია დროულად გააძლიეროს პრობლემებზე რეაგირების მექანიზმი და ამ მიზნით უზრუნველყოს სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმირება. უნდა მოახდინოს სოციალურ მუშაკთა საკადრო, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა. აუცილებელია, სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ მინიმალური გარანტიები – უსაფრთხოების, სამუშაო გარემოსა და პირობების შესაბამისობის, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის, ღირსეული ანაზღაურებისა და უწყებრივი მხარდაჭერის კუთხით.
საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა სოციალურ მუშაკებს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მანდატის შესაბამისად, აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში სოციალური სისტემის ცვლილებებისკენ მიმართულ პროცესებში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ და აპარატის თანამშრომლებმა.