საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს სტატუსს უცვლის და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად გარდაქმნის; შესაბამისად, კანონპროექტით მათი თანამდებობიდან გათავისუფლების გამარტივებული საფუძველი იქმნება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად.
კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას; გარდა ამისა, ხელშეკრულების მოშლა და ახალი თანამშრომლების აყვანა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი პრეზიდენტისვე გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე მხოლოდ 5 პირია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული. კანონპროექტის ინიციატორები პირთა აღნიშნულ წრეს აფართოებენ და რისკის ქვეშ აყენებენ 102 სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუდმივ პროფესიულ ფუნქციებს ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ თავად კანონპროექტის განმარტებით, ბარათში საერთოდ არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რამდენ ადამიანს შეეხება ეს ცვლილება. მოხმობილი ინფორმაცია ასევე ვერ ასაბუთებს ცვლილებების საჭიროებას. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის გარემოება, რომ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას. ინიცირებული კანონპროექტი დასაბუთების გარეშე უცვლის სტატუსს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საფრთხის ქვეშ აყენებს მათი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას და ქმნის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონი, რომელშიც კანონპროექტით ცვლილებები უნდა შევიდეს, პარლამენტმა 2015 წელს მიიღო. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანი იყო პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც ერთიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებზე იქნებოდა დაფუძნებული, რომელიც დარჩებოდა ნებისმიერი ხელისუფლების სამსახურში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყნის სათავეში; ასევე საჯარო სამსახურში დასაქმება განხორციელდებოდა გრძელვადიანი ფორმით, სათანადოდ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების დაცვით. ამ კანონის მიღების ერთ-ერთი ამოცანა იყო საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირება, რაც გამორიცხავდა ნეპოტიზმის, პროტექციონიზმისა და მიკერძოების ნებისმიერი ფორმის არსებობას.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის ძირითადი არსი მდგომარეობს თანამდებობის პირის პირადი, პოლიტიკური თუ პროფესიული შეხედულებების საფუძველზე მოქალაქის დასაქმებაში. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღებისათვის დადგენილი პროცედურისაგან სრულად განსხვავდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. სწორედ ამის გამო, შეზღუდულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრე და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი (29-ე მუხლის პირველი პუნქტი), განსაზღვრავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.“ ინიცირებული კანონპროექტით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება პროფესიული საჯარო მოხელეების სტატუსის შეცვლა და მათი მიჩნევა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, ასევე ირღვევა ის პრინციპი რომლის მიხედვითაც მოხელეთა საერთო ოდენობის მცირე ნაწილი შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული.
სახალხო დამცველი 2015 წლის ანგარიშში უთითებდა საჯარო სამსახურებში უკონკურსოდ დანიშვნის პრობლემაზე. ამ მიმართულებით დადებითად შეფასდა ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელმაც დაავიწროვა უკონკურსოდ მისაღებ პირთა წრე და შეამცირა საჯარო უწყებაში პირის დასაქმებისას თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკი. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს დააშორებს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც იქნა იგი მიღებული და არსებული სტანდარტების გაუარესების საშიშ პრეცედენტს შექმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია კანონმდებლებმა გაითვალისწინონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი უფლებები, საქართველოს მოქალაქეების უფლება დაიკავონ საჯარო თანამდებობები, ის ღირებულებები და პრინციპები, რასაც დაეფუძნა საჯარო სამსახურის ახალი სისტემა და არ დაუშვან არაკონსტიტუციური კანონის მიღება.