საქართველოს სახალხო დამცველი ათენში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საბერძნეთში საქართველოს ელჩთან იოსებ ნანობაშვილთან ერთად ათენში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ქართველ ემიგრანტებს ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და ის საკითხები განიხილა, რომელთა მოგვარებაშიც შესაძლოა სახალხო დამცველი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დაეხმაროს.
საბერძნეთში ქართველებისთვის ძირითად პრობლემას ლეგალურად ცხოვრების საკითხი წარმოადგენს. არაოფიციალური მონაცემებით ასი ათასობით საქართველოს მოქალაქიდან ლეგალურად ქვეყანაში მხოლოდ 20 ათასამდე ცხოვრობს. ხშირია დაკავების და დეპორტაციის შემთხვევები; არალეგალურად მაცხოვრებლებს პრობლემები ექმნებათ დამსაქმებლებთანაც, შრომითი ხელშეკრულებების არ ქონის გამო არის შემთხვევები როდესაც არ უხდიან ხელფასებს.
ბოლო წლებში გამარტივდა მოზარდთა სკოლაში რეგისტრაცია, მიუხედავად ცხოვრების უფლების არ ქონისა, საბერძნეთის სკოლებში ნებისმიერ პირს შეუძლია განათლების მიღება, რაც ოჯახების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს.
საპილოტე რეჟიმში მუშაობს საკვირაო სკოლები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მშობლიური ენის შესწავლის საშულება აქვთ. მოთხოვნის ზრდასთან ერთად საქართველოს საელჩო დამატებითი კლასების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.
საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა ქვეყნებში ქართულ დიასპორებთან შეხვედრას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ემიგრანტების ინფორმირება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის მანდატის გაცნობა და კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები ქართველების ინტერესების დაცვა.