ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის თაობაზე

2025 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“[1] (2025 წლის დადგენილება). დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უწყებებს დაავალა 2024 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული ცალკეული რეკომენდაციების შესრულება.

სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახელმწიფო უწყებებს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალურ ორგანოებს, ასევე თანამდებობის პირებს ჯამში 319 რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 78% გაიზიარა (მათგან 24% კი ნაწილობრივ არის გაზიარებული). რეკომენდაციების დანარჩენი ნაწილი არ აისახა პარლამენტის დადგენილებაში ან მათში არსებითი ცვლილებების განხორციელების საფუძვლით არ ითვლება გაზიარებულად.

ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე დაყრდნობით იკვეთება, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი ჩამოუვარდება 2021-2023 წლების დადგენილებებით გაზიარებულ მაჩვენებელს და სამწუხაროდ, ამ კუთხით შენარჩუნებულია რეკომენდაციების გაზიარების კლების დინამიკა. (იხილეთ ფოტო N1).

უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, კვლავ მაღალია იმ რეკომენდაციების რაოდენობა, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა დადგენილებაში. გასული წლის მსგავსად, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის დადგენილებაში არ აისახა სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის 44 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციების ნუსხა თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართის სახით. ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა როგორც 2024 წლის, ასევე 2025 წლების დადგენილებებში თემატიკის მხრივ მსგავსია. (იხილეთ ფოტო N2).

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, იღებს დადგენილებას. აღნიშნული აქტით პარლამენტი აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად დავალებებს აძლევს სახელმწიფო უწყებებს. პარლამენტის მიერ დავალებების მიცემა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ აქცევს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციას. ამ მიზნით უწყებების მიერ პარლამენტის დავალებების შესრულების მონიტორინგს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზაობას, ყველა ფორმატში ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების სრულყოფილად შესრულების მიზნით.

დანართში იხილეთ რეკომენდაციები, რომლებიც არ აისახა პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის N630-IIმს-XIმპ დადგენილებაში


ფოტო N1

ფოტო N2


[1] ხელმისაწვდომია საკანონმდებლო მაცნეს ვებ. გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6532361?publication=0 [29.07.2025]

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)