ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წევრის პოზიციაზე წარადგინა

2018 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა კვარაცხელია გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წევრის პოზიციაზე წარადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ამ საერთაშორისო ორგანოში თავისი წარმომადგენელი არასდროს ჰყოლია და ამ მიმართებით წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

2018 წლის 17-21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატი ნიკა კვარაცხელია ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა საელჩოებისა და მისიების 40-მდე წარმომადგენელთან.

2018 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ოფიციალური მიღება, სადაც მოწვეულ იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების მისიების წარმომადგენლები, რათა უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს კანდიდატს და მოესმინათ მისი პოზიცია. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის მნიშვნელოვანია ნიკა კვარაცხელიას დასახელება გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წევრის პოზიციაზე და ვიმედოვნებთ, რომ წევრი სახელმწიფოები დაუჭერენ მას მხარს. მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და წარმატებული საქმიანობა კარგი წინაპირობა იქნება საერთაშორისო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ამასთან, სახალხო დამცველი მადლობას უხდის ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას გაწეული აქტიური მხარდაჭერისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)