საქართველოს და უკრაინის ომბუდსმენებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს
2021 წლის 13 სექტემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლიუდმილა დენისოვამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.
სახალხო დამცველმა თავის უკრაინელ კოლეგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა გააცნო. ისაუბრეს საერთო ხასიათის პრობლემებზე, მათ შორის გადაადგილების, სამედიცინო და სხვა სახის სერვისების მიღების შეზღუდვაზე. „როგორ ჩანს, საოკუპაციო ძალა ერთი სცენარის და ერთი გეგმის მიხედვით მოქმედებს, რეალურად ეს არის ერთი ხელწერა, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ვითარებას ადამიანურ დონეზე და მასთან უწყებრივ დონეებზე კომუნიკაციის არქონა ამწვავებს, რაც, ცხადია, რუსეთის ზეწოლის შედეგია.
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაა და სამწუხაროდ ჩვენს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ აქვს ამ პროცესის შესაჩერებლად. ხელთ არც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები გვაქვს, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები და შესაბამისად, საერთაშორისო რეაგირება დაგვიანებული ან ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. აქვე, სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, გაამყარებს ჩვენს საქართველოს პოზიციას ამ სამართლებრივ დავაში.
უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ ისაუბრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოლქებში არსებულ მდგომარეობაზე; აღნიშნა, რომ უკრაინაში, საქართველოსთან განსხვავებით, გამყოფ ხაზზე 2 გამშვები პუნქტი მუშაობს, რაც ადამიანებს პენსიის და სხვა საჭირო პროდუქტის, თუ სერვისი მიღების საშუალებას აძლევს. თუმცა, „ისევე, როგორც საქართველოში ნადგურდება იდენტობა (მათ შორის, შეღებეს ეკლესიები), ასევე ხდება უკრაინაშიც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობენ გაანადგურონ უკრაინის კვალი. ამასთან, ჩვენთან ჯერ კიდევ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, უამრავი ადამიანი იღუპება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გავლენა მოახდინოს რუსეთზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ომბუდსმენს, რომელმაც მოისურვა თავისი თვალით ენახა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტები გააგრძელებენ თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას, რათა მაქსიმუმი გაკეთდეს მოსახლეობის დასაცავად.