ახალი ამბები

საჯარო შეხვედრა „ინკლუზიური განათლება: მიღწევები და გამოწვევები“

2019 წლის 14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საჯარო შეხვედრა გამართა თემაზე - „ინკლუზიური განათლება: მიღწევები და გამოწვევები“.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა ინკლუზიური განათლების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები. ისაუბრა ერთიანი ხედვის, მულტიდისციპლინური და ინდივიდუალური მიდგომის არარსებობაზე, მოსწავლეების (მათ შორის, შშმ მოსწავლეების) ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვის, სკოლების სათანადო ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ აუცილებელია გატარდეს ღონისძიებები, სკოლაში დასაქმებული პირების და მშობლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორც ინკლუზიურ განათლებასთან, ისე სსსმ (შშმ) მოსწავლეების საჭიროებებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ლიკა ბაციკაძემ დამსწრეთ საქართველოს საპილოტე საჯარო სკოლებში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები გააცნო. ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე. ა(ა)იპ „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენელმა მარი კორკოტაძემ ისაუბრა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, ასევე შშმ მოსწავლეების და მათი მშობლების წინაშე არსებულ პრობლემებზე. მათ შორის, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების შრომის ანაზღაურების წესზე.

საჯარო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება.

.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)