საინფორმაციო შეხვედრები წალკაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე
2022 წლის 3 და 4 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სოფიო რუსეცკი და მარიამ გვიდიანი წალკაში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში მცხოვრებ ეკომიგრანტ ქალებს, პედაგოგებს, და ახალგაზრდებს შეხვდნენ და საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი, განსაკუთრებით კი გენდერული თანასწორობის მიმართულებით სამუშაო სპეციფიკა გააცნეს.
შეხვედრებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისები განიხილეს, იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის მისაწვდომობისა და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებულ წუხილის მიზეზს მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წალკის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა ძალადობის გამოვლენასა და მიმართვიანობის ტენდენციებზე იმსჯელეს და ქალებისა და გოგოების დაცვისა და დახმარების სერვისებზე მისაწვდომობის საკითხი განიხილეს; ხაზი გაუსვეს პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას.