საინფორმაციო შეხვედრები შუახევის მუნიციპალიტეტში
2019 წლის 6-8 ნოემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მადონა ბასილაძემ და გიორგი ჩარკვიანმა შუახევის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგები და მერიის წარმომადგენლები სახალხო დამცველის მანდატსა და აპარატის საქმიანობას გაეცნენ. ისაუბრეს უფლებამოსილების, თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით საზედამხედველო ფუნქციის, საქმის შესწავლის შესაძლო შედეგებისა და მომართვის ფორმებზე.
განათლების რესურსცენტრში, საჯარო სკოლების ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრაზე, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით წყალსა და სანიტარიაზე მისაწვდომობის შესახებ საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა განიხილეს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების პრობლემის მოწესრიგებამდე, სკოლების ქვეყნის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოხერხდება.
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ გამოწვევებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შუახევის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა ხელმძღვანელთან ქალთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობასა და მონაწილეობაზე, შშმ პირთა საჭიროებებზე ისაუბრეს. მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის მიზნით 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს.