საინფორმაციო შეხვედრები ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში
2019 წლის 30 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომელმა თამარ ოგანოვმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.
შეხვედრაზე ადგილობრივ თვითმმართველობებისადმი მიმართული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში არის ასახული.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე და არსებულ გამოწვევებზე.
31 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოზურგეთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ სტუდენტებს და მასწავლებლებს შეხვდა და მათ სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. განიხილა ადრეულ ასაკში ქორწინება, როგორც ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტი, ოჯახში ძალადობა, მისი გამომწვევი მიზეზები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოში არსებულ სერვისები და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის პრაქტიკა და გაცემული რეკომენდაციები.